რუსეთმა, რომელიც როტაციის წესით, აპრილიდან გახდა გაერო–ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, არაფორმალურ სხდომაზე ონლაინ გამოსვლისთვის მიიწვია პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში მარია ლვოვა-ბელოვა.
გაერო–ს ვიდეოარხით ლვოვა-ბელოვას გამოსვლის ტრანსლაცია დაბლოკა გაერო–ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლობამ. მისი განცხადებით, მარია ლვოვა-ბელოვა პასუხისმგებელია სავარაუდო ომის დანაშაულზე - უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე და თუ საკუთარ ქმედებებზე საუბარი სურს, ეს შეუძლია, ჰააგაში გააკეთოს.
რუსეთის მიერ მოწვეული არაფორმალური სხდომის თემაა: „ბავშვები და შეიარაღებული კონფლიქტები: უკრაინის კრიზისი. კონფლიქტის ზონიდან ბავშვების ევაკუაცია“.
დიდი ბრიტანეთის პოზიციაა, რომ ლვოვა-ბელოვას დეზინფორმაციის გასავრცელებლად გაეროს პლატფორმა არ უნდა დაუთმონ. თავის მხრივ, რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ დასავლეთს არ სურს სიმართლე გაიგოს უკრაინელი ბავშვების ევაკუაციის შესახებ. პოლიანსკი ირწმუნება, რომ მოძებნიან ლვოვა-ბელოვას გამოსვლის სხვა პლატფორმებზე ტრანსლაციის საშუალებას.
გაერო–ს ოფიციალური ვიდეოარხით ტრანსლაციას უშიშროების საბჭოს 15-ვე წევრის თანხმობა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს მისი და პუტინის დაკავების ორდერები აქვს გაცემული.