ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ შემოდგომაზე და ზამთარში რუსეთმა კოლაფსამდე ვერ მიიყვანა უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემა და ენერგოობიექტებზე თავდასხმები შეამცირა.
"უკრაინის ენერგეტიკული სისტემისთვის სერიოზული ზიანის მისაყენებლად, 2022-23 წლების ზამთარში დაწყებული რუსული კამპანია, დიდი ალბათობით, ჩავარდა. რუსეთმა დისტანციური დარტყმები 2022 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, მაგრამ 2023 წლის მარტის დასაწყისიდან ფართომასშტაბიანი თავდასხმები უფრო იშვიათი გახდა. თავდასხმები უფრო მცირე მასშტაბებით (25-მდე რაკეტა) მიმდინარეობს, მაგრამ, სავარაუდოდ, გაცილებით მცირე გავლენა ექნება ენერგოსისტემაზე", - ნათქვამია დაზვერვის განცხადებაში.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ უკრაინის ენერგოსისტემის ოპერატორები აგრძელებენ საჭირო კომპონენტების, კერძოდ დაზიანებული ტრანსფორმატორების შემცვლელების ძიებას. ამ ტექნიკის ტრანსპორტირება და მონტაჟი ლოგისტიკური გამოწვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დიდ ტრანსფორმატორებს, რომელთა წონა შეიძლება 100 ტონამდე იყოს.
"უკრაინაში ელექტროენერგიის მდგომარეობა, სავარაუდოდ, თბილი ამინდის დაწყებასთან ერთად გაუმჯობესდება. მომავალი ზამთრის დაგეგმვა და მზადება, სავარაუდოდ, უკვე დაწყებულია", - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.