გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 26 სექტემბერს ლიტვის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები მზადაა, ევროპაში რუსული აგრესიის შეკავების მხრივ, მთავარი დასაყრდენი გახდეს.
"რუსეთისთვის უკრაინა მხოლოდ დასაწყისია". - მიმართა პისტორიუსმა ლიტველ პარლამენტარებს: "რუსეთი ჰიბრიდული მეთოდებით ჩვენი ერთობისთვის, ევროკავშირისა და NATO-სთვის მიწის გამოთხრას ცდილობს. პუტინის ნამდვილი მტერი ჩვენი თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული ცხოვრების გზაა".
მან ასევე დაადასტურა, რომ გერმანია 2027 წლისთვის ლიტვაში სამხედრო ბრიგადის განთავსებას გეგმავს, თუმცა სამხედროების გაგზავნა წელსვე დაიწყება.
"გვესმის ჩვენი, როგორც ევროპის ლოგისტიკური ჰაბის, პასუხისმგებლობა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჯარისკაცებმა, საჭიროების შემთხვევაში, ატლანტიკიდან აღმოსავლეთ ფლანგზე გადაადგილება სწრაფად შეძლონ". - განაცხადა პისტორიუსმა.