აშშ ვარაუდობს, რომ ირანი გააგრძელებს ჰამასის მხარდაჭერას ღაზაში და ისრაელის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ ქმედებებში. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს ესმის 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ტერაქტის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების გაუარესების შესაძლებლობა.
"ჩვენ ველით, რომ არსებობს ესკალაციის შესაძლებლობა - ესკალაცია ირანის მომხრე ძალების მიერ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი პერსონალის წინააღმდეგ. ჩვენ ვიღებთ ზომებს იმისათვის, რომ ეფექტურად დავიცვათ ჩვენი ხალხი და საჭიროების შემთხვევაში გადამწყვეტად ვუპასუხოთ," - თქვა ბლინკენმა.
მან აღნიშნა, რომ "ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა," მაგრამ ვაშინგტონი მზად არის ასეთი განვითარებისთვის.
"ჩვენ არ გვინდა მეორე ან მესამე ფრონტი. ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი ძალები ან ჩვენი მებრძოლები ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ. მაგრამ თუ ეს მოხდება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ," - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ABC News-თან 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია პოტენციური ესკალაციისა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ჯარებზე თავდასხმების პერსპექტივით.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ჯარები არიან სწორ პოზიციაზე, რომ ისინი დაცულნი არიან და რომ ჩვენ გვაქვს პასუხის გაცემის უნარი," - თქვა მან.