გასულ კვირას ბერნის მარზილის საცურაო აუზზე მომხდარი ინციდენტი, რომელსაც ადგილობრივი ლგბტ თემის წარმომადგენლები "ტრანსფობიურ ძალადობად" აფასებენ, ოფიციალური ბოდიშის მოხდის საგანი გახდა.

კვირას, დღის მეორე ნახევარში, პოლიციამ აუზის ტერიტორიიდან ტრანსგენდერი ქალი გაიყვანა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აუზის Paradiesli-ს ზონაში - რომელიც ექსკლუზიურად ქალებისთვისაა განკუთვნილი და ნატურისტული ზონაა - მყოფმა სხვა ქალებმა პრეტენზია გამოთქვეს ტრანსგენდერი ქალის იქ ყოფნასთან დაკავშირებით. მიუხედავად აუზის პერსონალის არაერთგზის მოთხოვნისა, დაეტოვებინა ტერიტორია, ქალი წასვლაზე უარს აცხადებდა.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ. თვითმხილველების თქმით, პოლიციის ქმედებები უხეში და დამამცირებელი იყო. ერთ-ერთი თვითმხილველი აღნიშნავს, რომ "ექვსმა პოლიციელმა ქალი მიწაზე დააწვინა, ხელბორკილები დაადო და ისე გაიყვანა". დაკავებისას ადგილზე მყოფმა სხვა პირებმა ჩარევა სცადეს, რის შედეგადაც ერთი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა. დაკავებული ქალი განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

ორშაბათს ბერნის მუნიციპალიტეტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარს შეცდომა უწოდა. ხელისუფლების განმარტებით, აუზის ადმინისტრაციამ არასწორად შეაფასა სიტუაცია, რომელიც ადგილზე დაძაბული ატმოსფეროს გამო უფრო მეტად გამწვავდა.

"ჩვენი გადაწყვეტილება მცდარი იყო. განათლების, სოციალურ საქმეთა და სპორტის დეპარტამენტი გამოხატავს სინანულს და ბოდიშს უხდის დაზარალებულს", - ნათქვამია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.

ადგილობრივი ხელისუფლება ასევე ხაზს უსვამს, რომ შვეიცარიის შიდა დირექტივების თანახმად, ტრანსგენდერ ქალებს აქვთ უფლება, ისარგებლონ ქალთა ზონით, ხოლო გაურკვევლობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორი ოფიციალურად რეგისტრირებული სქესია.

ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის Transgender Network Switzerland-მა (TGNS), მომხდარს სამარცხვინო უწოდეს და აუზის პერსონალისა და პოლიციისთვის ტრანს-საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური ტრენინგების ჩატარება მოითხოვეს, რათა მსგავსი ინციდენტები მომავალში არ განმეორდეს.