აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ახალი აზერბაიჯანი“ უმრავლესობას მოიპოვებს.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 მანდატს მიიღებს.

ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებულ პირობებში არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა.

„არჩევნები ნაწილობრივ გამჭვირვალე მაინც რომ ყოფილიყო, ჩვენ მივიღებდით მონაწილეობას და გავიმარჯვებდით, მაგრამ აქ 1%-იანი გამჭვირვალობაც კი არ არის, რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში?" - განაცხადა პარტიის თავმჯდომარის მრჩეველმა მამედ იბრაჰიმმა.

ბოიკოტს შეუერთდა კოალიცია „აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო“.