ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა გამოთქვა სურვილი გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ტრამპი ინფორმირებული იყო რუსეთის მხრიდან გააქტიურებული სარაკეტო დარტყმების შესახებ.
"ტრამპმა თქვა, რომ მას სურს უკრაინის დახმარება საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რომ ის გადაამოწმებს თუ რა შეიარაღების გადაცემა დაპაუზდა, თუ კი რამე დაპაუზდა საერთოდ"- ამბობს ერთ-ერთი წყარო.
გამოცემის უკრაინელი წყაროს ცნობით, პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ ექსპერტთა გუნდების შეხვედრის ორგანიზებაზე, რომლის დროსაც განხილული იქნება უკრაინის საჭიროებები სხვადასხვა შეიარაღებაში.
ტრამპთან გამართულ საუბარს "მნიშვნელოვანი და სასარგებლო" უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკიმ - უკრაინელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის.