ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 375 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

პენტაგონის ცნობით, დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და სხვა კრიტიკულად საჭირო იარაღსა და აღჭურვილობას.

უფრო კონკრეტულად, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს: ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას, საბრძოლო მასალას მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის (HIMARS), 155 მმ-იან და 105 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას, Javelin-სა და AT-4 -ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ჯავშანტექნიკა M1117-ს, MRAP-ის ჯავშანმანქანებს, მსუბუქ ტაქტიკურ მანქანებს, ცეცხლსასროლ იარაღს, საპატრულო კატერებს, სასანგრე აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას, სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს, მომსახურებას, სწავლებასა და ტრანსპორტირებას.

პენტაგონის ინფორმაციით, ეს არის ტექნიკის 66-ე ტრანში, რომელსაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2021 წლის აგვისტოდან უკრაინას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს საწყობებიდან გადასცემს.