ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრესა აქვეყნებს

მანჩესტერის აეროპორტის 1 და 2 ტერმინალებიდან ყველა ფრენა ელექტროენერგიის გათიშვის გამო გაუქმდა.

გამთენიისას ელექტროენერგიით მომარაგებაში წარმოქმნილი სერიოზული შეფერხების გამო მგზავრებს, რომლებიც უნდა გაფრინდნენ ამ ორი ტერმინალიდან, ურჩიეს თავი შეეკავებინათ აეროპორტში მისვლისგან. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა საბარგო განყოფილებები და უსაფრთხოების სისტემები კვლავ გამოსულია მწყობრიდან.

ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად ათასობით ადამიანმა ვერ შეძლო გაფრენა. ზოგიერთი რეისით მგზავრები იმ შემთხვევაში ახერხებენ გაფრენას, თუ მათ მხოლოდ ხელბარგი აქვთ ან მზად არიან მხოლოდ ხელბარგით გაემგზავრონ, ბარგი კი აეროპორტში დატოვონ და შემდეგ მის მიღებას დანიშნულების ადგილზე ჩასულები დაელოდონ.

იმავდროულად, რამდენიმე შემომავალი ფრენა გადამისამართდა სხვა აეროპორტებში. Etihad Airways-ის რეისი აბუ-დაბის ზაიდის საერთაშორისო აეროპორტიდან გადამისამართდა ბირმინგემის აეროპორტში.

ჩვენ ბოდიშს გიხდით იმ დისკომფორტის გამო, რომელიც შეგექმნათ და მზად ვართ აღვადგინოთ ნორმალური მომსახურება რაც შეიძლება მალე, - აცხადებს აეროპორტის ადმინისტრაცია.