ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოშტას თქმით, ევროკავშირის წევრი ის 23 ქვეყანა, რომელიც ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც არის გაერთიანებული, სავარაუდოდ, დათანხმდება თავდაცვის ხარჯების გაზრდას. ამის შესახებ მან პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.
"წევრ ქვეყნებს შორის არსებობს გონივრული კონსენსუსი ამ გზის გაგრძელების შესახებ. მივიჩნევ, რომ ივნისში, NATO-ს მომდევნო სამიტზე თავდაცვის ხარჯების მიზნობრივი მაჩვენებელი აუცილებლად 2%-ზე მაღალი გახდება. იქნება ეს 5% თუ 3% არ ვიცი, ეს NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ". - თქვა კოშტამ.
კოშტას თქმით, მომდევნო კვირაში ჩანიშნულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ისინი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებზე იმსჯელებენ. შეხვედრას ასევე დაესწრებიან NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი.