ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous-მა მხარდაჭერა გამოუცხადა „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს და „ქართული ოცნების" ხელისუფლებას კიბერშეტევებით და მონაცემთა ბაზების გასაჯაროებით დაემუქრა.
1 მაისს, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა თბილისის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ ისევ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, ჰაკერთა საერთაშორისო ჯგუფმა აქციების მონაწილეებს მიმართა, რომ მარტო არ არიან და Anonymous-ის წევრები დაეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.
ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობამ საქართველოს პოლიციას მიმართა, რომ აქციის მონაწილეებზე თავდასხმას მოჰყვება ინფორმაციის გასაჯაროება მთავრობის ყველა თანამდებობის პირის შესახებ. კერძოდ, Anonymous აცხადებს, რომ მოიპოვებს და ინტერნეტით გაავრცელებს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონული ფოსტის ბაზებს.
"საქართველოში აქციის მონაწილეებს მივმართავთ, ჩვენ გვესმის თქვენი დახმარების თხოვნა. გამოდით ქუჩებში; თქვენ მარტო არ ხართ. ანონიმური წევრები თქვენთან ერთად დგანან და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში.
საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ჩვენ გავტეხთ ყველა მონაცემთა ბაზას და მათ ინტერნეტში გამოვფენთ. ეს არის თქვენი პირველი და ერთადერთი გაფრთხილება.
"ქართულ ოცნებას", რომელსაც რუსეთი მხარს უჭერს, გახსოვდეს: საქართველო რუსეთი არ არის და არც არასდროს იქნება.
გველოდეთ." - ნათქვამია Anonymous-ის განცხადებაში.
🚨Anonymous PR/#OpGeorgia
— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) April 30, 2024
- To the protesters in Georgia, we have heard your plea for help. Take heart and take to your streets; you are not alone. Anonymous members stand with you and will help in your fight for democracy, freedom, and prosperity.
To the Georgia police:… pic.twitter.com/1kRqWfwV2q