უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამბგანაცხადა, რომ ომის დინამიკის ცვლილების ფონზე "ევროპამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს" და დაასახელა, რა "კონკრეტული და რეალისტური ნაბიჯები“" უნდა გადადგან პარტნიორებმა.

სიბიგამ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში "გიმნიხის" ფორმატში, რომელიც კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა.

შეხვედრაზე მისი მონაწილეობის მთავარი თემები იყო ევროპის როლის გაძლიერება სამშვიდობო ძალისხმევაში, უკრაინის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მოლაპარაკებების კლასტერების გახსნა, რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო ზეწოლის გაძლიერება, ასევე უკრაინის თავდაცვითი საჭიროებების უზრუნველყოფა.

"უკრაინას აქვს კოზირები. ევროპას აქვს კოზირები. ჩვენ ძლიერი პოზიცია გვაქვს. დროა, ეს გამოვიყენოთ. მაშინ, როდესაც ომის დინამიკა იცვლება და უკრაინის ასიმეტრიული სტრატეგია შედეგს იძლევა, სწორედ ახლა ევროპამ უნდა იმოქმედოს გადამწყვეტად, აჩვენოს რეალური ძალა და მოაახლოოს მშვიდობა - როგორც მთავარი ძალისხმევის დამატება", - განაცხადა სიბიგამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პარტნიორებმა უნდა გადადგან კონკრეტული და რეალისტური ნაბიჯები: ცეცხლის შეწყვეტა აეროპორტებსა და საზღვაო პორტებში, სამოქალაქო მძევლების დაბრუნება, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია, ასევე ჰუმანიტარული დერეფნის შექმნა ხერსონის ქალაქ ოლეშკიდან, რომელიც ოკუპირებულია და სადაც მოსახლეობა უკვე კვირებია საკვების, წყლისა და მედიკამენტების გარეშე რჩება.

"ჩვენ არ გვჭირდება იმ ადამიანის ან ჯგუფის არჩევით დაწყება, რომელიც ამ ძალისხმევას უხელმძღვანელებს. საჭიროა მანდატის მკაფიო განსაზღვრა და ის ევროპის ერთიან ხმას უნდა წარმოადგენდეს. ევროპას აქვს ბერკეტები ხელშესახები შედეგების მისაღწევად - პირველ რიგში, სანქციებით და გაყინული რუსული აქტივებით", - განაცხადა სიბიგამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე კოლეგებს მოუწოდა, უკვე ახლა მიიღონ გადაწყვეტილება ივნისში უკრაინისთვის მოლაპარაკებების ექვსივე კლასტერის გახსნის შესახებ.

"ჩვენს ხალხს ეს აღიარება სჭირდება და იმსახურებს. უკრაინას სჭირდება ევროკავშირი და ევროკავშირს სჭირდება უკრაინა", - განაცხადა სიბიგამ.