ალბანეთში, მეხუთე დღეა, საპროტესტო აქციები გრძელდება. დედაქალაქ ტირანაში, განათლების სამინისტროს შენობასთან ათასობით ახალგაზრდა შეიკრიბა.
აქცია ძალადობრივ დაპირისპირებაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც ნიღბიანმა ახალგაზრდებმა სპეცრაზმს ქვები ესროლეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციის მონაცემებით, ამ დროისთვის, საერთო ჯამში, დაკავებულია 500 დემონსტრანტი, რომელთაგან 330 გაათავისუფლეს. დაშავებულია 120 პოლიციელი და აქციის 45 მონაწილე.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომას ითხოვენ. სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია ალბანეთის სანაპიროს ტერიტორიების გაყიდვა კურორტის ასაშენებლად.
„როიტერის“ ცნობით, კურორტის მშენებლობის პროექტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უჭერს მხარს. თავად რამა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, არეულობას სტუდენტები არ აწყობენ და ამაში ის ოპოზიციასა და „უცხოურ ძალებს“ ადანაშაულებს.




