გერმანიაში 1 მაისიდან მოქმედებს ეგრეთ წოდებული "გერმანული ბილეთი" (Deutschlandticket) - ყოველთვიური საშვი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბილეთი 49 ევრო ღირს.
ამასთან, საუბარია ექსკლუზიურად ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტზე: საქალაქო ავტობუსები, ტრამვაი, მეტრო, საგარეუბნო მატარებლები და ა.შ. ჩქაროსნული მატარებლებითა და საქალაქთაშორისო ავტობუსებით 49 ევროს ბილეთის მფლობელები ვერ ისარგებლებენ. შტუტგარტსა და სინგენს შორის მონაკვეთზე, ბილეთის მფლობელებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ჩქაროსნული მატარებლების მომსახურებით, რომლებიც ამ შემთხვევაში მგზავრებისთვის ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლის ერთადერთი გზაა.
გასულ ხუთშაბათს, 27 აპრილს, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბერლინში ჟურნალისტებს ესაუბრა და "გერმანულ ბილეთს" გერმანიის საზოგადოების მოდერნიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
პროფკავშირები, გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და ასოციაციები, რომელთა საქმიანობაც მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ჯგუფების დაცვას ისახავს მიზნად, 49-ევროიან ბილეთს აკრიტიკებენ, ვინაიდან ველოსიპედის ტრანსპორტირებისთვის დამატებით უნდა გადაიხადოთ, ასევე პირველი კლასის ვაგონებში გადასვლისთვის (რომლებიც ხელმისაწვდომია გერმანიაში და რეგიონულ მატარებლებში). ჯერ ბოლომდე გაურკვეველია, როგორ იქნება საქმე ისეთ ტრანსპორტთან დაკავშირებით, როგორიცაა, ბორანი. ასეა თუ ისე, ყველა მოგზაურს ურჩევენ, მოკლე ან გრძელ მოგზაურობაში წასვლამდე დეტალურად შეისწავლოს მარშრუტი.
"გერმანული ბილეთით" ნამდვილად შეიძლება მთელი გერმანიის შემოვლა, მხოლოდ ჩქაროსნული მატარებლებისა და ავტობუსების გარეშე, რაც გაცილებით მეტ დროს წაიღებს. ასე რომ, გზას გერმანიის ყველაზე ჩრდილოეთით დასახლებული პუნქტიდან (სოფელი ლისტი კუნძულ სილტზე ჩრდილოეთ ზღვაში) ყველაზე სამხრეთ დასახლებამდე (სოფელი ობერსტდორფი ბავარიის მთებში) თითქმის ერთი დღე და მინიმუმ 10 გადაჯდომა დასჭირდება.
ჰამბურგიდან მიუნხენამდე ჩასვლა საშუალოდ 11-12 საათშია შესაძლებელი, ბერლინიდან კიოლნამდე კი - 9 საათში. ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მატარებლები ყოველთვის დროულად არ ჩამოდიან: ტრანსფერი შეიძლება შეიცვალოს, რაც გამოიწვევს იმას, რომ მოგზაურობა მნიშვნელოვნად შეფერხდება.
"გერმანული ბილეთი" ჩაანაცვლებს ეგრეთ წოდებულ "9-ევროიან ბილეთს", რომლითაც გერმანიის მცხოვრებლებსა და ტურისტებს, 2022 წლის ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით შემცირებული ტარიფით სარგებლობა შეეძლოთ. ეს პროექტი, რომელიც ოლაფ შოლცის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი წლის ერთ-ერთ მთავარ წარმატებად განიხილება, გარკვეულწილად აკომპენსირებდა გერმანელების ფინანსურ ზარალს, რაც საწვავისა და სურსათის ფასების ზრდამ გამოიწვია. ამავდროულად, ამან გამოიწვია სარკინიგზო ქსელის უპრეცედენტო დატვირთვა - განსაკუთრებით საკურორტო ზონებში.