ზვიად გამსახურდიას ინტერვიუ ამერიკის ხმასთან, 1991 წელი უნდა იყოს. ამ დროს სსრკ ჯერ კიდევ არსებობდა ფორმალურად.
ინტერვიუს რომელსაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია აქვეყნებს, "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
კორ: თქვენთვის ცნობილია,რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ აშშ-ში, მაგრამ მათ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მიიღეს.რას გვეტყვით ამ საკითხზე?
-სამწუხაროა,რომ აშშ-ს არ სურს სცნოს ბალტიისპირეთის, საქართველოს და სხვათა დამოუკიდებლობა. აშშ, გერმანია და სხვა დიდი ქვეყნები კვლავ იმედებს ამყარებენ სსრკ-ზე,გორბაჩოვზე, მაგრამ ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნების სწრაფვას თავისუფლებისკენ, ჩვენ დავასრულებთ სსრკ-ს არსებობას და მათაც მოუწევთ ამის აღიარება.
კორ: ბატონო პრეზიდენტო,რთული გზა აირჩიეთ.
-იოლად მოსაპოვებელი არასდროს არაფერი მიზიდავდა.
კორ: 70 წლის განმავლობაში კომუნისტური რეჟიმით ცხოვრობდა ქვეყანა.თქვენ ბატონო პრეზიდენტო,მთელი შეგნებული ცხოვრება იბრძოდით ამ რეჟიმის წინააღმდეგ.რა შეგიძლიათ გვითხრათ "კომუნიზმის" შესახებ,რა არის ეს "კომუნიზმი",საერთოდ როგორ აღიქვამთ სიტყვა "კომუნიზმს"?
-როგორც ყოველგვარი სიცრუის და სიყალბის სიმბოლოს! რაც შეეხება თვითონ კომუნიზმის თეორიას, ეს არის უდიდესი საფრთხე კაცობრიობისთვის, მისი განვითარებისთვის."კომუნიზმი" ნიშნავს ყოველგვარი დემოკრატიულის, ყოველგვარი ეროვნული თვითგამორკვევის განადგურებას, იგი ანტიკულტურული და ანტიადამიანური, დემონური მოძღვრებაა.
კორ: ბატონო ზვიად,თანამედროვე ან წარსული დროის რომელი პოლიტიკოსი,ქართველი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელია თქვენთვის ყველაზე ახლო და მისაღები თავის მოღვაწეობით და სულიერი კულტურით?
-ჩემთვის ყველაზე ახლობელი პოლიტიკური მოღვაწე დღევანდელობაში არის პრეზიდენტი რეიგანი,რომლის უდიდესი თაყვანისმცემელიც ვარ და დავრჩები ასეთად მთელი ჩემი ცხოვრება .არც თუ ისე შორეული წარსული,უდიდეს პატივს ვცემდი პრეზიდენტ დე გოლს,რომელიც აგრეთვე მიმაჩნია უდიდეს სახელმწიფო მოღვაწედ.
კორ: როგორია თქვენი ურთიერთობა ამერიკის კონგრესთან?
-ამერიკის კონგრესთან გვაქვს საუკეთესო ურთიერთობები.თქვენ ალბათ მოგეხსენებათ, თუმცა ამაზე შეიძლება მე არ უნდა ვსაუბრობდე ,მაგრამ საბჭოთა კავშირიდან არცერთ პიროვნებას არ ღირსებია ის, რომ მის საპატივცემულოდ ამერიკის კონგრესის კაპიტოლიუმის შენობაზე დროშა აღემართათ.
კორ: თქვენ პირველები იყავით საბჭოთა იმპერიაში ,ვინც ჩაატარეთ მრავალპარტიული არჩევნები.თუ შეიძლება გვითხარით,კიდევ რაში უნდა იყოთ პირველნი?
-დემოკრატიაში,ადამიანის უფლებების პატივისცემაში,.ამ ტოტალიტარულ იმპერიაში უნდა ვიყოთ დემოკრატიული კუნძული ,რომელიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს,თუ რა შეუძლია მთელი ერის,მთელი მოსახლეობის გაერთიანებულ ბრძოლას და ძალისხმევას.ამას ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ.
კორ: მაგრამ თქვენ გუნდში ბევრი მოღალატე აღმოჩნდა.
-დიდ საქმეს თან ახლავს ღალატი.ამაში სენსაციური არაფერია.ამ გზაზე ბევრს შევხვდი,ბევრჯერ მინახავს ადამიანური სისუსტეები,მაგრამ ერთი მარადიული თანამგზავრი არასდროს მტოვებდა. ეს იყო მერაბ კოსტავა.მის გარეშე, მე ვერაფერს შევძლებდი.
კორ: თქვენი პირადი მეგობარი,ჩეხეთ-სლოვაკეთის პრეზიდენტი,დიდი ხანი არ არის,რაც გახდა ადგილობრივი ტელევიზიის სადისკუსიო გადაცემის წამყვანი.თქვენ,ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატს, პოეტს,მთარგმნელს და ბელესტრიტს,არ გსურთ გქონდეთ ასეთი მომიჯნავე პროფესია,პრეზიდენტობასთან ერთად?
-ჰაველისთვის ეს უფრო ადვილია.იმიტომ,რომ კრემლი იქიდან თავისით მიდის.იქ უკვე მშვიდობაა...
კორ: თქვენი პირადი თვისებებიდან რომელს გამოარჩევდით?
-ჯერ ვერავინ მოახერხა შეუცდომლად გაევლო ცხოვრების გზა.საკუთარ თავზე საუბარი არ მახასიათებს,მაგრამ ის ნამდვილად ვიცი,რომ პირადი კეთილდღეობისთვის საქვეყნო საქმის ღალატი თავში არასდროს გამივლია. შეცდომები კი საკმარისზე მეტი დავუშვი.
კორ: თქვენს საჯარო გამოსვლებში ხშირად გაისმის ისეთი სიტყვები როგორიცაა-"მოღალატე","აგენტი" და ა.შ..რა არის ეს ტრადიციული კავკასიური ემოციურობა,თუ რეალური პოლიტიკური პოზიცია საკუთარი ოპონენტების მიმართ?
-მე მიყვარს ,როცა საგნებს თავიანთ სახელებს ვარქმევ. რას მიბრძანებთ, რა დავარქვა იმას, როცა მერკანტილური ინტერესი წინ ეღობება ისტორიულ ამოცანას? მე შიშველი ხელით ვებრძვი იმპერიას, ჩემი იარაღი სიმართლეა...
კორ: გეგმავთ თუ არა შეხვედრებს მოსკოვში?
-ნებისმიერი შეხვედრა მისალმებით და კეთილი სურვილებით იწყება.მე არ გამაჩნია ეს სურვილები საბჭოთა კავშირთან.ვიდრე კრემლი საქართველოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს,მე იქ არაფერი მესაქმება.
კორ: გჯერათ ,რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანთ?
- მე მჯერა იდეის. თუ ადამიანი ფიქრობს,რომ ყველა ოცნება მისივე ცხოვრებაში უნდა ახდეს,ესე იგი,მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის უცხოვრია.ჩემი ოცნება დღეს ხალხმა გაიზიარა,ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება