„მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობაზე გაიგზავნა. ვფიქრობ, რომ მალე მოხდება განხილვა და მოქალაქე იგრძნობს, რომ სახელმწიფო არეგულირებს ფარმაცევტულ ბაზარს“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრმა, გასულ თვეებში, ფარმაცევტულ ბაზარზე, მედიკამენტების ფასის ხელოვნურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განახლებული კანონპროექტი, სწორედ მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. მისივე თქმით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით, უწყებას დარღვევებზე უფრო ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობა მიეცემა.
„საქართველოს მაგალითი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაგალითი იქნება სოციალური პასუხისმგებლობის, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან“,- აღნიშნა მინისტრმა, სხვადასხვა წამლებზე და მათ შორის ძვირადღირებულ, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების გაძვირების საკითხთან დაკავშირებით. ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფომ 1100 მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი უკვე დაადგინა. უწყება, ამ მიმართულებით გაწერილ გეგმას მიყვება და რეფერენტული ფასი, სხვა პრეპარატებზეც დაწესდება. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, პირდაპირ შესყიდვებზე მოლაპარაკების პროცესი უკვე დაწყებულია. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში, კონკრეტულ ქვეყნებში, ვიზიტებიც დაიგეგმება. „მარტივად რომ აგიხსნათ, ონკოლოგიურ პაციენტს, წლის განმავლობაში აქვს ლიმიტი - 25 000₾. ადრე თუ ყიდულობდა 10 კოლოფს, მას შემდეგ რაც ფარმაცევტულმა კომპანიებმა ეს წამლები გააძვირეს, იყიდის 3-4 კოლოფს და აქედან გამომდინარე, ეს ლიმიტი ძალიან სწრაფად ამოიწურება. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მწარმოებელთან პირდაპირი შეთანხმებები გვექნება, ძველ ნიშნულთან შედარებით ეს ფასები კიდევ უფრო გაიაფდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს, წლის განმავლობაში საჭირო მედიკამენტებზე სრულად დავუკმაყოფილოთ მოთხოვნა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მწარმოებელთან პირდაპირი კონტრაქტების შემთხვევაში, ონკოლოგიური პრეპარატების შესყიდვა, 40-50%-მდე ნაკლებ ფასად გახდება შესაძლებელი, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, პაციენტისთვის, პრეპარატებზე განსაზღვრული ლიმიტი სრულად მოხსნას.