ჭავჭავაძეების მამულში მე-5 საიუბილეო ფესტივალის პირველი კონცერტი ჯანანდრეა ნოზედას დირიჟორობით გაიხსნა.  პიანისტმა იეფიმ ბრონფმანმა და პან-კავკასიურმა ახალგაზრდულმა ორკესტრმა, რობერტ შუმანის და პეტრე ჩაიკოვსკის ნაწარმოები შეასრულეს.  

წინანდლის ისტორიულ მამულში, 10 სექტემბრის ჩათვლით, კონცერტებს კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები  გამართავენ.

ავი შოშანი - ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

"5 წლის წინ, ჩვენ დავიწყეთ ოცნება, რომ დაარსებულიყო წინანდლის ფესტივალი. ეს ოცნება ძალიან მოკლე დროში რეალობად იქცა. უპირველეს ყოვლისა, ეს წარმატება,  გიორგი რამიშვილის და მისი გუნდის წარმოუდგენელი ხელშეწყობის შედეგია. შოკისმომგვრელია მათი ძალისხმევა. უნდა აღინიშნოს, რომ წინანდლის ფესტივალი, ერთადერთია, რომელიც პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა.

ფესტივალის იდეას მუსიკალურ სამყაროში უმაღლესი შეფასება აქვს, და პირველ რიგში ამას პან კავკასიური ორკესტრის არსებობა განაპირობებს. წინანდალში მუსიკოსები ჩამოდიან უდიდესი ენთუზიაზმით, მოხალისეობრივად, რაც ადასტურებს იმას,  რომ მსოფლიოს სჯერა - მუსიკა საერთაშორისო ენაა! ეს მე ძალიან მაბედნიერებს და თავდაჯერებულობას მმატებს და მჯერა, რომ ბევრი წელი გავაგრძელებთ ასე. ახლახანს ვერბიეს ფესტივალმა 30 წლის იუბილე აღნიშნა. დარწმუნებული ვარ, 25 წლის შემდეგ, წინანდლის ფესტივალიც აღნიშნავს ამ თარიღს". 

 გიორგი რამიშვილი - წინანდლის ფესტივალის და კომპანია სილქნეტის დამფუძნებელი:

„წელს წინანდლის ფესტივალის მეხუთე საიუბილეო სეზონია. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად ფესტივალი მეტ ცნობადობას იძენს.  მინდა მადლობა გადავუხადო ფესტივალის მუსიკალურ დირექტორს, ჯანანდრეა ნოზედას, ავი შოშანს, მარტინ ენგსტრომს, ვინც ფესტივალის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. მადლობა მინდა ვუთხრა ფესტივალის მთელ გუნდს. მოგეხსენებათ, ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია პან კავკასიური ორკესტრი, სადაც გაერთიანებულნი არიან საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის, ყაზახეთის, თურქმენეთის ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსები. წინანდლის მამულში მათი შეკრება - ერთგვარი სამშვიდობო მესიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო სილქნეტს, ჩვენს თანამოაზრეებს და პარტნიორებს, ვისთან ერთადაც, პირველი დღიდან დავიწყეთ ამ მუსიკალურ პროექტზე მუშაობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ თეა წულუკიანს - პან კავკასიური ორკესტრის მხარდაჭერისთვის. ნორვეგიის, იტალიის, შვეიცარიის საელჩოებს. ასეთი მხარდაჭერა დიდი სტიმულია ჩვენთვის.“

 11 დღის განმავლობაში წინანდალში 25 კონცერტი გაიმართება. მომდევნო დღეებში საქართველო, კერძოდ წინანდალი, კლასიკური მუსიკის ნამდვილ დღესასწაულს აჩუქებს მსმენელს. 

წინანდლის ფესტივალი 2018 წელს დაარსდა კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით და უკვე მეხუთედ კლასიკური მუსიკის მოყვარულების ყურადღებას იპყრობს მთელი მსოფლიოდან.