საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს საბაჟო კოდექსში“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას.
„საქართველოს საბაჟო კოდექსში“ ცვლილების თანახმად, საბაჟო ორგანოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინირებული თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის ერთობლივი ცენტრი და ერთობლივი სამუშაო ჯგუფები.
ცვლილების მიზანია, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის, ასევე, სხვა სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო საგნის, ნივთის ან ნივთიერების, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკანონო გადაზიდვის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული სხვა დანაშაულების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, ახლებურად ყალიბდება სააგენტოს ცალკეული მომსახურების საფასურის განაკვეთები.
ცვლილებები შეეხება: ტრანზიტული ნომრის გაცემის საფასურს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ექსპორტის პროცედურისთვის ან რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმებისათვის შესაბამისი აქტის შედგენის საფასურს და სხვა.
კანონპროექტების ავტორია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.




