"ქართუ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის და ამ პარტიის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებების მიერ, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებულ უპასუხისმგებლო და ცრუ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა აშშ-ს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ, კვიპროსელი იურისტის, ქრისტოდულოს ვასიალიადესის სანქცირების ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებას.
ქრისტოდულოს ვასილიადესი, დასანქცირებამდე, თავისი კომპანია Ledra - ს მეშვეობით იურიდიულ და სარეგისტრაციო მომსახურებას უწევდა ბიძინა ივანიშვილის კომპანია Krista-ს. აღნიშნული პიროვნება საკუთარი კომპანიებით ანალოგიურ მომსახურებას უწევდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოქმედ ათასობით ბიზნესს სუბიექტს.
აშშ-ს სახელმწიფო სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ვასილიადესის დასაქნცირების მიზეზი იყო რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვთან მისი კავშირი. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის სიაში მითითებულია ყველა ის კომპანია და ფიზიკური პირი, რომლის დასანქცირებაც მოხდა, მათ რიცხვში შევიდა ვასილიადესის კომპანია Ledra. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს, სანქცირებულ პირთა სიაში მოხსენიებული, რა თქმა უნდა, არ არის დასანქცირებულ პირებთან კავშირის არარსებობის გამო.
მიუხედავად ამისა, TV პირველმა, გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ მოამზადა სიუჟეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები წარმოაჩინა სანქცირებულ პირებად. ამავე გადაცემაში, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ Ledra მხოლოდ იურიდიულ მომსახურებას უწევდა Krista-ს. ამის მიუხედავად, სიცრუის მანქანამ განაგრძო მაყურებელის მიზანმიმართული მოტყუება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიების თითქოსდა სანქცირების თაობაზე.
ასევე აბსურდულია „აგრო ქართუს“ აქტივების გადაცემის დაკავშირება სანქცირებულ ვასილიადესთან. „აგრო ქართუ“ არის კომპანია, რომელმაც განახორციელა ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უნიკალური პროექტი და იგი უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს. დღეს „აგრო ქართუ“ ახორციელებს კიდევ ერთ უნიკალურ და საშვილიშვილო საქმეს, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი ფრინველების გადარჩენას და შემდგომში მათ ბუნებაში გაშვებას. 2021 წელს, კომპანია Krista - მ ეკატერინე ხვედელიძეს გადასცა „აგრო ქართუს“ წილი, ვასილიადესის Ledra - ს სანქცირებამდე 2 წლით ადრე. ამის მიუხედავად, ცილისმწამებელი მედიასაშუალებები ამ ფაქტს ისე წარმოაჩენენ, თითქოსდა ეს რაიმე კავშირში იყოს სანქციებთან.
შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან. დეზინფორმაციის ეს კამპანია წარმოადგენს დისკრედიტაციის მორიგ, წარუმატებელ და უსუსურ მცდელობას, რითაც TV პირველი და ნაცმოძრაობის სხვა მარგინალური ტელევიზიები ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას. დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილი უკვე დიდი ხანია, ისედაც იმყოფება დე ფაქტო ფინანსური სანქციების ქვეშ და მასზე ვერანაირი შანტაჟი ზეგავლენას ვერ მოახდენს“, - ნათქვამია განცხადებაში.