შუა დერეფნის ინიციატივის ჭრილში თუ შევხედავთ ანაკლიის პორტის პროექტს, რა თქმა უნდა, ის სერიოზულად წაადგება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.

„შუა დერეფნის ინიციატივის ჭრილში თუ შევხედავთ ანაკლიის პორტის პროექტს, რა თქმა უნდა, ის სერიოზულად წაადგება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. პირველი ფაზა გათვლილია 600 მლნ აშშ დოლარიან ინვესტიციაზე და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ანუ 2029 წლისთვის, პირველი გემები იქნება მიღებული და წელიწადში შევძლებთ 600 000 კონტეინერის მიღებას, რაც ძალიან დიდი რესურსია. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება ეკონომიკის ზრდასა და ბიუჯეტის შევსებაზე, შესაბამისად, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.

რა თქმა უნდა, ჩინური ტვირთების როლი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი, შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ სწორედ, ჩინურ-სიგაპურულ კომპანიასთან ერთად განხორციელდება ეს პროექტი. ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული ინტერესი, რომლის გათვალისწინებითაც, სახელმწიფოს რჩება 51 %, საკონტროლო პაკეტი ამ პროექტში. შესაბამისად, ყველა თვალსაზრისით არის მაქსიმალურად გატარებული ჩვენი ქვეყნის ინტერესები,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.