„საქართველოს გასულ წელს ჰქონდა რეკორდულად მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც 2 მლრდ დოლარზე მეტი იყო - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მასშტაბიდან და მოსახლეობის სიმცირიდან გამომდინარე, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერის თქმით, 2022 წელს და ასევე მიმდინარე წელს დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნება აუცილებელია იმისთვის, რომ ამბიციური გეგმა შესრულდეს, რაც 2030 წლამდე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით გვაქვს.
„ეს არ არის განვითარება გარკვეული პროცენტით ზრდის კუთხით, არამედ ეს არის ტრანსფორმაცია, რადგან ქვეყანა, თვისობრივად, სხვანაირი ხდება, როდესაც უკვე მაღალშემოსავლიანი ეკონომიკების ჯგუფში გადადის. პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ წლის ბოლოსთვის მოლოდინი გვაქვს, რვა ათასი დოლარი იყოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე ანუ ჩვენ ვუახლოვდებით იმ ათი ათასიან ზღვარს, როდესაც უკვე ქვეყნები იყოფა მაღალშემოსავლიანად და ჩვენ ვართ საშუალოშემოსავლიან ჯგუფში, თუმცა, ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა ჩვენი ეკონომიკა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის შეფასებით, ამ კუთხით ეკონომიკის ზრდის, მათ შორის, სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი და ძალიან მნიშვნელოვანი წყარო არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელსაც ეკონომიკური ზრდის კუთხით კიდევ სხვა მნიშვნელობაც გააჩნია. ვიცე-პრემიერის შეფასებით, ფინანსური შემოდინების გარდა, როგორც წესი, ამას მოჰყვება კომპეტენცია, ასევე ბევრი სხვა რამ იმისთვის, რომ ეკონომიკა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს.
„მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ინვესტიციები თითქმის 30 პროცენტამდე მეტია წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით და 500 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. წლის პირველ ნახევარში თითქმის 11 პროცენტიანი ზრდა გვაქვს შარშანდელთან შედარებით და როგორც მოგახსენეთ, შარშან იყო რეკორდული წელი. ასე რომ, ეს დადებითი ტენდენცია, ჩვენი მოლოდინით, წლის მეორე ნახევარშიც უნდა გაგრძელდეს, რაც ცალსახად მიუთითებს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და, ზოგადად, ქვეყნის მიმართ მაღალ ნდობაზე ინვესტორების მხრიდან. ინვესტიციები, ქვეყნების მიხედვითაც საკმაოდ დივერსიფიცირებულია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაერთიანებული სამეფო, ბრიტანეთი არის პირველ ადგილზე, ასევე ნიდერლანდები, თურქეთი, აშშ, იაპონია - ესენი არიან ქვეყნები, რომლებიც ლიდერობენ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით და ზუსტად ამ ხარისხობრივ ინვესტიციებს ვგულისხმობ, რომელსაც მოყვება ასევე კომპეტენცია“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.