საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველ ჯერზე, 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული.
როგორც ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, მიმდინარე წლის ბიუჯეტში ანაკლიის განვითარებისთვის ოცი მილიონი ლარია გამოყოფილი.
„2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე არის ასახული მიმდინარე წელს 20 მლნ ლარი ანაკლიის განვითარებისთვის. ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან პროცედურის შესაბამისად, ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლო კვარტლამდე ეს ხარჯები გასაწევი არ გვექნებოდა და ბიუჯეტს ვგეგმავთ უფრო კონსერვატიულად. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება, შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, მონაცემები ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი. საკონსულტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იყო დაფინანსება ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში, ესეც შესაბამისობაშია ბიუჯეტის კანონთან. განახლებულია, მათ შორის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანია MTBS-მა განაახლა და ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების ცვლილება. იმედი გვაქვს შემცირდება, თუმცა პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად, 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.