საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა სასესხო შეთანხმება ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის თაობაზე.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.

ბანკის მიერ, ჯამში, გამოყოფილი იქნება ფინანსური რესურსი 46,275,000 ევროს ოდენობით. სასესხო შეთანხმებით 2024 წელს გათვალისწინებულია პირველი ტრანშის - 23,137,500 ევროს ჩამორიცხვა, ხოლო მეორე ტრანშის მიღება იგეგმება 2025 წელს.

პროგრამით გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის, სპეციალიზებული ამბულატორიული მოვლისა და დიაგნოსტიკური სერვისებისთვის მოსახლეობისთვის შეთავაზებული შეღავათების გაზრდა და ფინანსური ხელმისაწვდომობის ბარიერების შემცირება, მომსახურების მიწოდების გაუმჯობესება მომსახურების ყველა დონეზე, ციფრული საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, რომელიც საჭიროა ჯანდაცვის პროგრამებისა და ჯანდაცვის სექტორზე სახელმწიფო ხარჯების უფრო ეფექტურად მართვისთვის,  მმართველობის გაუმჯობესებასა და გაწეული მომსახურების ხარისხის ანგარიშვალდებულება.