ჯანდაცვის მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. გამოწვევად დასახელდა ჯანდაცვის სპეციალისტების, განსაკუთრებით ექთნების დეფიციტი. ყურადღება გამახვილდა DRG დაფინანსების მოდელზე და მის მნიშვნელობაზე. სექტორის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გატარებულმა რეფორმებმა, რეანიმაციისა და ქირურგიის სტანდარტის ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორში ხარისხის გაუმჯობესებას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა გაგრძელდება.
პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგია მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ირინე წაქაძემ და თეა გიორგაძემ, ასევე საჯარო უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.