საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში განახლებული სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.

განხორციელებულ ცვლილებებზე ინფორმაცია მთავრობის მეთაურს და მინისტრს აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ მიაწოდა. აკადემიაში განახლდა სანავიგაციო ხიდურის, ტვირთბრუნვისა და მდგრადობის, აგრეთვე - სამანქანე განყოფილების სასწავლო სიმულატორები, რაც სასწავლებლის სტუდენტებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული მომზადების საშუალებას აძლევს. ასევე მოეწყო სახანძრო უსაფრთხოებისა და ე.წ. ზღვაზე გადარჩენის ახალი სივრცე.

 მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბათუმის საზღვაო აკადემიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი გაძლიერება განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება.

 „ბათუმის საზღვაო აკადემიაში იქმნება ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენს მეზღვაურებს ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და, შესაბამისად, მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობას. რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იქნება ამ დაწესებულების გაძლიერება,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 პრემიერ-მინისტრი ასევე გაეცნო აკადემიაში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. აღინიშნა, რომ ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობა-ნაგებობებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდება.