გასული 4 წლის და მთლიანად გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან მყარი საფუძველი, რათა გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და 4 წელიწადში ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავიდეს, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
„მინდა, ვისაუბრო იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და ეს არჩევნები, მათ შორის სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, რამდენად შეძლებს ჩვენი ქვეყანა, გააგრძელოს სტაბილური განვითარება ყველა მიმართულებით. რეალურად ჩვენ გასული 4 წლის და მთლიანად გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან მყარი საფუძველი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და 4 წელიწადში ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავიდეს, ამისათვის ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი. რაც შეეხება ეკონომიკას, ჩვენ მოვახერხეთ და 28 მილიარდიდან 90 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ საქართველოს ეკონომიკა 12 წლის განმავლობაში. მარტო ბოლო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით იზრდება ჩვენი ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე უნდა გაიზარდოს. ამისათვის აუცილებელია მშვიდობა და ქვეყნის სტაბილური განვითარება. იგივე ეხება ბიუჯეტის ზრდას. ქვეყნის ბიუჯეტი იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012 წელს, წელს უკვე ბიუჯეტი გახლდათ დაახლოებით 28 მილიარდი ლარი და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადააჭარბებს 4 წელიწადში, რაც ასევე ნიშნავს ბევრად უფრო მეტი პროექტის განხორციელებას და ქვეყნის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.