კომენტარის გაკეთებაც კი არ შეიძლება იმ განცხადებაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა საპატრიარქოსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა.
„ასეთი განცხადებები უბრალოდ გამაოგნებელია და ყველაფერს რომ თავი დავანებით, ის საკუთარ იმიჯს აზიანებს“, - აღნიშნა მან.
კობახიძეს ასევე დაუსვეს კითხვა, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას და პრეზიდენტის სავარაუდო პოზიციას შეეხებოდა.
„არ ვიცი. სალომე ზურაბიშვილისგან ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გქონდეს, იმდენი უხეში ქმედება განახორციელა მან სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ ამ მარჩიელობაში მე ვერ შევალ“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტში სტუმრობისას საქართველოს ეკლესიაზე საუბრისას განაცხადა: „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ, ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის”.