"დღეს, ულამაზეს თელავში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ენერგეტიკული კომპანიებისა და საწარმოების ორგანიზებით, ღონისძიება იმართება, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა, რომელმაც თელავში 26 მაისის საზეიმო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.
თელავში განთავსებულია ენერგეტიკასთან დაკავშირებული საგამოფენო ინსტალაციები, ადგილზე წარმოდგენილია შემეცნებით-გასართობი აქტივობები და ფოტოზონა, საბავშვო-გასართობი სივრცე, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე დაგეგმილიასაზეიმო კონცერტი. სამზადისში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამინისტროს სისტემაში შემავალი ენერგეტიკული პროფილის უწყებები და ორგანიზაციები: საქრუსენერგო, ნავთობის და გაზის კორპორაცია, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა და ენგურჰესი.
თელავში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ფოსტა - მოეწყო ფოტოზონები და ფოსტის საქმიანობასთან დაკავშირებული ისტორიული საგამოფენო ინსტალაციები, საბავშვო-გასართობი სივრცე და ა.შ.
„აქ ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ სპეციალურად მოწყობილ ენერგეტიკულ სივრცეებს. ეს კუთხეები საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და შემეცნებითი აქტივობებითაა დატვირთული. ასევე, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციას. სპეციალურად შექმნილი მაკეტების საშუალებით, სტუმრები ახლოს გაეცნობიან ენერგეტიკული დარგის ფუნქციონირებას და ნახავენ, თუ როგორ წარმოიქმნება ელექტროენერგია“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მისივე თქმით, საგამოფენო სივრცეში გამოფენილია რუკები, რომლებიც აჩვენებს, თუ სად გადის მაგისტრალური მილსადენები და როგორია საქართველოს ელექტროგადამცემი სისტემა.
ინგა ფხალაძესთან ერთად თელავში იმყოფება ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე. მინისტრის მოადგილეებმა ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკისა და ფოსტის თემატიკასთან დაკავშირებული შემეცნებით-გასართობი სივრცეები კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად დაათვალიერეს.




