საქართველოს ბანკისა და საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივის (GELi) თანამშრომლობით, 26-28 თებერვალს საქართველოში პირველი ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა. მასში მონაწილეობა 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. აღნიშნული ოლიმპიადა ახალგაზრდებს შორის ეკონომიკური ცნობიერების ამაღლების, ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩატარდა.
ოლიმპიადა საქართველოში საერთაშორისო ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში იმართება, რომელსაც ჩეხური ორგანიზაცია ეკონომიკური განათლების ინსტიტუტი (INEV) წელს მსოფლიოს 17 ქვეყანაში პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონიდან მონაწილე ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მაღალი აქტივობით გამოირჩევა და დარეგისტრირებული სკოლების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს.
საქართველოში ეკონომიკის ოლიმპიადაზე მოსწავლეების მაღალი ინტერესი დაფიქსირდა, მათ შორის რეგიონებში, საიდანაც მოსწავლეების ჩართულობა 70% იყო.
“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და შექმნას შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის საწინდარია. სწორედ ამიტომ,
ეკონომიკის ოლიმპიადის ფარგლებში გვსურდა, რეგიონში მცხოვრები რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაგვერთო აღნიშნულ ინიციატივაში, რათა მონაწილეობა მიეღოთ ოლიმპიადაში, დაინტერესებულიყვნენ და ზოგადად, დაენახათ ეკონომიკის როლი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - აღნიშნავს თამარ გოჩაშვილი, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.
პირველი ტური თბილისში, თავისუფალ უნივერსიტეტში, ხოლო 27-28 თებერვალს რეგიონის სკოლებში გაიმართა, მოსწავლეებმა გაიარეს ონლაინ ტესტირება, სადაც 25 დახურულ კითხვას უპასუხეს.
პირველი ტურის შემდეგ 200 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლე მეორე ტურში, ეროვნულ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. საუკეთესო შედეგების მქონე ათი წარმატებული მოსწავლე კი გასაუბრებას ეროვნული რაუნდის ჟიურისთან გაივლის. შერჩეული ხუთი ახალგაზრდა მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში და ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სლოვაკეთში გაემგზავრება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკთან ერთად ოლიმპიადის მხარდამჭერები არიან: Economic Fundamentals Initiative (EFI), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია Institute of Economic Education (INEV).