გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ღონისძიებაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ მიიღო მონაწილეობა.
დავით სონღულაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე, ფერმერთა მხარდაჭერის აუცილებლობასა და დარგის განვითარების ძირითად მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება.
„აჭარის რეგიონი თავისი უნიკალური კლიმატური პირობებითა და ბუნებრივი რესურსებით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს მეხილეობის, მეფუტკრეობისა და მეციტრუსეობის განვითარების მიმართულებით. ამ პოტენციალის სრულად ათვისებისთვის, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ცოდნის გაღრმავება და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, განაახლონ საწარმოო საშუალებები, გაზარდონ წარმოების ხარისხი და პროდუქტიულობა. საოჯახო მეურნეობების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აჭარის მთავრობის მიერ განხორციელებული პროგრამა ამ მიმართულებით წარმატებული მაგალითია. წლის ბოლომდე 5 000 ბენეფიციარის მხარდაჭერა ნიშნავს 5 000 ახალ შესაძლებლობას ფერმერებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წვლილია როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები ფერმერთა მხარდაჭერასა და მათი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.
„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით უპრეცედენტო მასშტაბის პროგრამები და პროექტები ხორციელდება, რათა ჩვენს ფერმერებს, აგროსექტორსა და სოფლის მოსახლეობას მეტი შესაძლებლობა და წარმატების საფუძველი შევუქმნათ. როდესაც ვსაუბრობთ აჭარის განვითარებასა და რეგიონის წარმატებაზე, სოფლის მეურნეობას ამ პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამა სწორედ იმ ინიციატივებს შორისაა, რომლებიც ფერმერების ეკონომიკური გაძლიერებისა და სოფლის განვითარებისკენ არის მიმართული”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
ღონისძიებაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა დენის სალუქვაძემ აგრარული სექტორის განვითარების სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები წარადგინა. მისი განცხადებით, სამინისტროს მთავარი მიზანია ფერმერთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
ღონისძიების ფარგლებში საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამის ბენეფიციარებს აგროთანადაფინანსების ვაუჩერები გადაეცათ. პროგრამა მიზნად ისახავს საოჯახო მეურნეობებისა და სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების გაძლიერებას, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და აგროსასურსათო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
პროგრამის ფარგლებში, 2026 წელს თანადაფინანსებით დაახლოებით 5 000 ფერმერს სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოწყობილობა გადაეცემა.
ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი, აჭარის ა/რ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.








