საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ. ქართველი რესტავრატორები - სალომე მიქაბერიძე და სალომე ფართლაძე - ვარშავის უახლესი ისტორიისა და ისტორიული არქივების ლაბორატორიებს, ასევე ქალაქ მილანოვეკში არსებულ სარესტავრაციო ცენტრს ეწვივნენ და პოლონელი კოლეგების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ.
ქართველმა სპეციალისტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს პოლონეთის რესტავრაციის ლაბორატორიებში დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ახალ სარესტავრაციო მასალებზე; ამასთან, თავადაც ჩაერთნენ ლაბორატორიებში მიმდინარე საარქივო მასალის აღდგენა-კონსერვაციის პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში ქართველი რესტავრატორები ვარშავის უახლესი ისტორიისა და ისტორიული არქივების ლაბორატორიების ხელმძღვანელებს - ანნა ბოგდალი-ბალიჩკასა და ანნა ჩაიკას შეხვდნენ.
მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ეროვნული არქივის თანამშრომლებს პროფესიული განვითარებისა და ახალი ცოდნის საქართველოში ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.








