ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში სამედიცინო სფეროში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების საკონსულტაციო მისიის (MEDAS – Medical Radiation Protection and Safety Advisory Service) მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
2027 წელს საქართველო MEDAS-ს მისიას უმასპინძლებს. მისიის მიზანია საქართველოში სამედიცინო დასხივებასთან დაკავშირებული არსებული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება, სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. აღსანიშნავია, რომ საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) წევრ სახელმწიფოებს შორის პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ მისიას უმასპინძლებს.
მოსამზადებელ შეხვედრას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ მოწვეული სამედიცინო ფიზიკის კვალიფიკაციის მქონე ორი ექსპერტი უძღვებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამედიცინო სფეროში რადიაციული დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჩართული სახელმწიფო უწყებების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული წრეების წამყვანი სპეციალისტები.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს რადიაციული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები, აგრეთვე 2027 წელს დაგეგმილი მისიის ორგანიზებისა და განხორციელების საკითხები. შეხვედრა მოიცავდა დისკუსიებსა და მრავალმხრივ სამუშაო შეხვედრებს, რომლებშიც სამედიცინო დაწესებულებების ტექნიკური მხარდაჭერის ორგანიზაციებისა და სხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
MEDAS-ს მისია ხელს შეუწყობს საქართველოში სამედიცინო დასხივების სფეროში არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას და პაციენტების უსაფრთხოებისთვის რადიაციული დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას.










