„ქართულ ოცნებას“ ბარამიძის პოლიტიკური განცხადებები სამართლებრივ ჭრილში თუ გადაჰყავს, არანაკლებ მძიმე დანაშაული აქვთ კობახიძეს, მდინარაძეს და იმ ადამიანებს, ვინც ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ქვეყნისთვის საზიანოდ მოქმედებს.

„გიორგი ბარამიძის განცხადება უმძიმესი პოლიტიკური დანაშაულია და მან ამისთვის პოლიტიკური პასუხი უნდა აგოს. „ოცნებას“ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში თუ გადაჰყავს, პირველ რიგში, მის გვერდში თავად იაგო ხვიჩიაც უნდა იჯდეს, ვინც ეს გადაცემა ჩაიწერა, გაავრცელა და ეს ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდა. ეს არ იყო პირდაპირი ეთერი, ეს იყო დამონტაჟებული გადაცემა, რომელიც დღემდე ინტერნეტსივრცეში დევს. მათი განვითარებული ლოგიკით, რატომ არის დღესაც ხელმისაწვდომი მასალა მთელი ინტერნეტსივრცისთვის და საზოგადოებისთვის? „ოცნებას“ ბარამიძის კონკრეტული განცხადება როდესაც სამართლებრივ ჭრილში გადაჰყავს, მინდა, პარალელი გავავლო და ვთქვა, რომ არანაკლებ უმძიმესი დანაშაული მიუძღვით მდინარაძეს, კობახიძეს, „ოცნების“ იმ წევრებს, რომლებიც საქართველოს დღემდე ომის დაწყებაში ადანაშაულებენ. დღეს იქნება თუ ხვალ, მათ აუცილებლად მოუწევთ უმკაცრესი პასუხისგება იმ ქმედებებისთვის, რაც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გააკეთეს.

„ოცნება“ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს. ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ბრალი წარუდგინეს ქართულ ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით. ისინი არა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, არამედ თავიანთი ქმედებებით სამართლებრივ საფუძველს აძლევენ საოკუპაციო რეჟიმს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.