სანქტ-პეტერბურგში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც რუსი სამხედრო იმყოფებოდა. პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, - განაცხადა სანქტ-პეტერბურგის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ.

"ამჟამად გამომძიებლები და კრიმინალისტები, ოპერატიულ თანამშრომლებთან ერთად, შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ, ინიშნება რიგი აუცილებელი სასამართლო ექსპერტიზები. ირკვევა მომხდარის ყველა გარემოება", - იუწყება უწყება Telegram-ზე.

აფეთქება 12 ნოემბრის დილით შუშარებში, კოლპინოს გზატკეცილზე მოხდა. დაღუპული პოლკოვნიკია, - იუწყება პეტერბურგული გამოცემა "ფონტანკა" წყაროზე დაყრდნობით. ტელეარხი "78" აღნიშნავს, რომ დაღუპული პოლკოვნიკი სამხედრო-საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მე-6 არმიის მთავარი შტურმანია.

დაღუპული სამხედრო აფეთქებულ ავტომობილს თავად მართავდა და მასში მარტო იმყოფებოდა, აზუსტებენ "ფონტანკა" და "78". "ფონტანკას" ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ძირზე დაამაგრეს და დისტანციურად აამოქმედეს, როდესაც პოლკოვნიკი ეზოდან გამოდიოდა. ის ადგილზე დაიღუპა, მისი ვინაობა არ სახელდება. აფეთქების მომენტი კამერამ დააფიქსირა. კოლპინოს გზატკეცილზე მოძრაობა გადაკეტილია.