საყოველთაო ჯანდაცვას ახალი მომსახურებები დაემატება. ამ პროგრამით დაფინანსდება ზრდასრულთა და ბავშვთა რეაბილიტაცია, ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია, სიმსივნის დიაგნოსტირების, თუ მკურნალობის ის სერვისები, რომლებსაც აქამდე რეფერალის პროგრამა ფარავდა, ან სამინისტრო საერთოდ არ აფინანსებდა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვას იმ სერვისების დაფინანსება დაემატება, რომლებზეც, ბოლო წლებში, რეფერალის პროგრამაში ყველაზე დიდი მოთხოვნა იყო. „რეფერალის პროგრამა გამონაკლის შემთხვევებს აფინანსებს და მის მისაღებად სხვა პროცედურებია გასავლელი. შესაბამისად, წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებების საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დამატებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ბევრი სამედიცინო სერვისი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდება. ასეთი მომსახურებები საკმაოდ ბევრია. ამიტომ, განვიხილავთ, დამატებით, რომელი მათგანი უნდა შევიდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ამ თემაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველ არხზე სტუმრობისას ისაუბრა.