ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, რაც უდავოდ ხვდება ქართული საზოგადოების ინტერესის არეალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მას შემდეგ, რაც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ღიად და გამჭვირვალედ დაიწყო ბრძოლა საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კუთვნილი უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გახშირდა დისკრედიტაციის მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორზე, აკადემიკოს დავით გურგენიძეზე აშკარა და ბინძური დეზინფორმაციული კამპანიის აგორების მცდელობები, რაც საზოგადოების შეცდომაში გამიზნულად შეყვანას ისახავს მიზნად.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნულ ფაქტებს განიხილავს როგორც დაინტერესებული მხარისაგან წარმოებულ ზეწოლას და მცდელობას, დაიფაროს ის უსამართლობა, რასაც 2004-2008 წლებში ეტაპობრივად და გამიზნულად ჰქონდა ადგილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმართ და რაც დასრულდა კიდეც მისი კუთვნილი უძრავი ქონების უკანონო გასხვისებითა და საქართველოს უნივერსიტეტის დამფუძნებელ გიული ალასანიასთვის გადაცემით.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ქალბატონი გიული ალასანია, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, იმდროინდელი დანაშაულის დაფარვის მიზნით, დღეს ცდილობს პირდაპირი თუ ირიბი დარტყმები მიაყენოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მის რექტორს, პროფესორ-მასწავლებლებს და მოახდინოს უნივერსიტეტის დისკრედიტაცია საზოგადოებისა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის თვალში.




