ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტიანი კომუნიკაციის და მომსახურების სტანდარტების შესახებ ტრენინგები ჩატარდა. როგორც ცნობილია, წყალტუბოსა და გარდაბანში იუსტიციის სახლების მშენებლობა მიმდინარეობს - ტრენინგები სწორედ იმ პირებმა გაიარეს, რომლებიც სამომავლოდ, აღნიშნული იუსტიციის სახლების გახსნის შემდეგ, ადგილზე დასაქმდებიან.
ამ ეტაპზე სწავლება 18-მა პირმა გაიარა. ტრენინგების მიზანს წარმოადგენდა მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურებისთვის აუცილებელი ცოდნის მიღება, მომსახურების სტანდარტების გაცნობა და ეფექტიანი მომსახურებისათვის საჭირო უნარების განვითარება. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ იუსტიციის სახლში დანერგილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეფექტიანი მომსახურებისა და კომუნიკაციის მაღალ  სტანდარტებს, ქცევის ეტიკეტს და სხვა. ტრენინგის მონაწილეები შეძლებენ სერვისის გაცემისას მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ორიენტირებული მიდგომები გამოიყენონ, მართონ მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემური სიტუაციები და ა.შ. იუსტიციის სახლი, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, თანამშრომლებს მუდმივად უტარებს ტრენინგებს მომსახურების სტანდარტების შესახებ, მათ შორის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილი სახელმძღვანელოს - “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში” მიხედვით. სახელმწიფო სერვისების ეფექტიანად და მაღალი სტანდარტით მიწოდებისთვის საჭირო ღონისძიებებში იუსტიციის სასწავლო ცენტრი აქტიურადაა ჩართული და წლებია  უზრუნველყოფს შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.