ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვა უკვე განხორციელდა და შპს „ჯორჯიან ჰაუსია“ გამარჯვებული კომპანია.

 

„მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა. ველოდებით საბოლოო პროექტს. შემდეგ ნებართვა გაიცემა. დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება აღნიშნული პროექტის დასრულებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა საზოგადოებას ფოტო-მასალა წარუდგინა, თუ რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსი ამჟამად.

„პროექტის ფარგლებში, მესამე ხარისხის ავარიულობის მქონე 4-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიშლება. აღნიშნულ მისამართზე 17 ოჯახი ცხოვრობს. მათ ახალი, გარემონტებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ. სამწუხაროდ, დედაქალაქში ბევრი ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ამ პროექტით, მათ ჩანაცვლებას შევძლებთ, თუმცა,  აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა. არის შემთხვევები, ჩაშლილა მოლაპარაკებები, რადგან იმაზე მეტ ფართს ითხოვენ, ვიდრე მათ აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.