„ძვირფასო კოლეგებო, დღევანდელი დღე ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. წინ პროფესიული არჩევნებია, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი მრავალი წელია უანგაროდ ვემსახურებით. ამაყი ვარ იმით, რომ თქვენ ჩემთან ერთად ხართ და ჩვენ ვართ ძალიან ბევრნი. ეს დიდი ნდობის გამოცხადებაა ჩემთვის“- ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის წევრ ადვოკატებთან შეხვედრის დროს განაცხადა, სადაც მისი გუნდის საარჩევნო პროგრამა წარადგინა.
როგორც ყანდაშვილი აცხადებს, ის არის კანდიდატი, რომელსაც ჰქონდა და აქვს სურვილი და ამბიცია, იყოს ყველა ადვოკატის თავმჯდომარე, განურჩევლად ყველაფრისა.
„ადვოკატის პროფესია ათობით 20 წელს ითვლის საქართველოში. თუმცა, როგორც პროფესიული გაერთიანება, წელს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იუბილარია. ეს ის გაერთიანებაა, რომელიც ყველას გვიყვარს და მისი ხვალინდელი განვითარებული დღისთვის ვართ ყველანი შეკრებილი. ჩემთვის, განსაკუთრებით დიდი პატივია და ერთგვარად სიმბოლური, თქვენს წინაშე სწორედ აქ ვიდგე, ამ დარბაზში. დამეთანხმებით რომ გარემო განსაკუთრებულია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობის წიაღში ვართ. ეს არის უნივერსიტეტი, რომელმაც მრავალი ჩვენთაგანის ალმა-მატერის ფუნქცია შეასრულა. რომელმაც არა ერთი ღირსეული ადვოკატი აღზარდა და აღზრდის კიდეც მომავალში.
ძვირფასო კოლეგებო 2025 წლის 2 ოქტომბერს, მე ვიყავი პირველი, ვინც ოფიციალურად განვაცხადე მზაობა და ინტერესი, მიმეღო მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში. ვარ კანდიდატი, რომელსაც მქონდა და მაქვს სურვილი და ამბიცია, თამამად ვიტყვი, ვიყო ყველა ადვოკატის თავმჯდომარე განურჩევლად ყველაფრისა.
გემახსოვრებათ, რომ მე ვარ ის კანდიდატი, რომელმაც ყველაზე ბოლოს დავასახელე გუნდი და ისიც მას შემდეგ, რაც საარჩევნო მიზნებისთვის მსგავსი არჩევანი გააკეთა ყველა სხვა კანდიდატმა. მე მქონდა და მაქვს პრინციპი, ვიყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თითოეული წევრის თავმჯდომარე თანაბრად, მაგრამ საარჩევნო პერიპეტიებმა, მონაწილე სუბიექტებმა შემოგვთავაზეს და დაადგინეს სტანდარტი, რასაც მე ვიღებ. შესაბამისად, შევქმენი გუნდი და გამოვდივარ 2025 წლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში და მე მოვიგებ ამ არჩევნებს. მე მოვიგებ ამ არჩევნებს თითოეულ თქვენთაგანთან ერთად, თქვენი გვერდში ყოფნით და არჩევნების შემდეგ, რაღა თქმა უნდა, განუხრელი პრინციპი ჩემი მხრიდან იქნება დაცული. მე ვიქნები ყველას თავმჯდომარე“-აცხადებს ირაკლი ყანდაშვილი.








