იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ სერვისებს კიდევ ერთი ახალი მომსახურება შეემატა. დაინტერესებულ პირებს ელექტრონული ამონაწერის მომზადება ამიერიდან გირავნობა/ლიზინგის პროგრამიდანაც შეუძლიათ,-ამის შესახებ საჯარო რეესტრიდან იუწყებიან.
კერძოდ, მსურველებს საშუალება აქვთ მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერისთვის საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.reestri.gov.ge, გირავნობა/ლიზინგის პროგრამაში ელექტრონული ანკეტა შეავსონ, მომსახურების საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადონ და ამონაწერზე განაცხადი ინტერნეტით, სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად გააკეთონ.
ამონაწერის ელექტრონულად განახლების შემთხვევაში სერვისის საფასური 1 სამუშაო დღის ვადაში 15 ლარის ნაცვლად 10 ლარს შეადგენს, ხოლო დაჩქარებული წესით, იმავე სამუშაო დღეს მომსახურებით სარგებლობა 50 ლარის ნაცვლად 40 ლარი ღირს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ ამონაწერს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და ბეჭედი არ ახლავს, მას სრული იურიდიული ძალა გააჩნია და სწორედ ამ სახით უნდა იყოს გამოყენებული ნებისმიერი ადმინისტრაციული თუ კერძო უწყების მიერ.
ამ დრომდე, საჯარო რეესტრის ვებგვერდის დახმარებით, მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობისა და ლიზინგის თაობაზე ინფორმაციის გადამოწმება, უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების გაცნობა იყო შესაძლებელი. ელექტრონული ამონაწერის სერვისი კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის საჯარო რეესტრის დისტანციურ მომსახურებებს და ხელს შეუწყობს მოქალაქეებისთვის მარტივი და კომფორტული სერვისების შეთავაზებას.
გირავნობა/ლიზინგის ცენტრალიზებული, უსაფრთხო, გამჭვირვალე, მარტივი და თანამედროვე ელექტრონული სისტემა საჯარო რეესტრმა 2009 წლიდან დანერგა. სისტემამ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში რეგისტრირებულ მონაცემები გააერთიანა, ავტორიზებულ მომხმარებლებს კი გირავნობის უფლების დამოუკიდებლად აღრიცხვის უფლება მისცა. გირავნობა/ლიზინგის ელექტრონული პროგრამა ზრდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სანდოობის ხარისხს და ამცირებს რისკებს. ამას გარდა, ხვეწს სარეგისტრაციო სისტემას და ამარტივებს სესხის გაცემის პროცედურებს.