თბილისის მერიის წინ ცხოველების უფლებადამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ იმ ძაღლების ისტორიები და საყელურები მიიტანეს მერიასთან, რომლებსაც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ევთანაზია ჩაუტარა.
თბილისში ბოლო თვის განმავლობაში, ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.  როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა მონიტორინგის სამსახური და იმ არეალიდან, სადაც ვირუსი დაფიქსირდა ჯანმრთელი ცხოველები წაიყვანეს და დააძინეს. როგორც „აიპრესთან“ საუბრისას, აქცია-პერფორმანსის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტასო ლოსაბერიძე აცხადებს, „ჯანმრთელ, აცრილ და მიკედლებულ ძაღლებს ხოცავენ „ცოფის პრევენციის მიზნით“. „ცოფი რომც დაფიქსირებული  იყო ქალაქში, ასე მასიურად ხოცვის უფლება მაინც არ აქვთ. ერთადერთი მიზეზი იმისა რომ მათი აცრილი ძაღლები ცოფდებიან არის ის, რომ ან არ ცრიან, ან ვერ. ანუ ვერ მუშაობენ სათანადოდ და მოქალაქეებს საფრთხეში გვაგდებენ. აქ მხოლოდ ცოფის თემაზე არაა საუბარი. სააგენტო ცხოველებს კლავს იმის გამო, რომ რესურსი არ აქვთ, იმის გამო, რომ ძაღლი ყეფს, დაავადებულია და ასე შემდეგ. ერთი ხელის მოსმით კლავენ!“ დაიწყო თუ არა ქალაქში ცხოველების მასობრივი ევთანაზია, იყვნენ თუ არა ცოფით დაავადებული ძაღლები აცრილები მონიტორინგის სამსახურის მიერ, რა სტატისტიკა გვაქვს ქეყანაში ამ ვირუსთან დაკავშირებით, ამ და სხვა თემებზე „აიპრესი“ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორს ვახტანგ ლომჯარიას ესაუბრა.   როგორც ცნობილია ბოლო ერთი თვის განმავლობაში, თბილისში ცოფის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. იყვნენ თუ არა ეს ძაღლები მონიტორინგზე აყვანილები და ჰქონდათ თუ არა მათ ცოფის აცრა ჩატარებული? არა, ისინი აცრილები არ იყვნენ. აცრაც არ არის 100 პროცენტიანი დაცვა, მაგრამ საბედნიეროდ არ დაფიქსირებულა მსგავსი შემთხვევა. ამ ძაღლებიდან არცერთი აქამდე აცრილი არ იყო, სწორედ ამან გამოიწვია, ის შედეგი რაც მივიღეთ. გასაგებია, მაგრამ ჩნდება კითხვა. ეს ცხოველები პატარები არ  იყვნენ, ჯერ რომ ვერ მოგესწროთ მათი მონიტორინგზე აყვანა. რატომ არ ჰქონდათ მათ აცრა გაკეთებული? იმიტომ რომ თბილისში არის ათიათასობით ძაღლი, ყოველ თვე ემატება ან აკლდება გარკვეული რაოდენობა. ზოგჯერ შემოჰყავთ თბილისში და ავტობანებთან ტოვებენ. რა თქმა უნდა ამდენი ძაღლის ერთდროულად აცრა და გაკონტროლება არის შეუძლებელი. ჩვენ სწორედ ამიტომ ვმუშაობთ, რომ ნელ-ნელა შემცირდეს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა პოპულაციის ჰუმანური შემცირების გზით. ახლა როცა ეს რაოდენობაა, ყველას აცრა ვერ განხორციელდება. რამდენი ძაღლი გყავთ აღრიცხვაზე აყვანილი? 2015 წლის დასკვნის შედეგად დაფიქსირდა 43 ათასი ძაღლი. კორონავირუსი რომ არა, ამ გაზაფხულზე ახალი რაოდენობა დათვლილი გვექნებოდა. ახლა მიმდინარეობს ეს პორცესი და რამდენიმე თვეში გვეცოდინება ზუსტი რაოდენობა. განმეორებით თუ უტარებთ ცოფის აცრებს? რა თქმა უნდა, განმეორებით ვუტარებთ აცრებს, მაგრამ ამას არ აქვს ისეთი ხასიათი, რომ ცხოველი რომელიც ერთხელ იყო ჩვენთან, შემდეგ ყოველთვის შემოდიოდეს და მისი დაჭერა ყოველთვის ხერხდებოდეს. ჩვენ ვაკეთებთ შემდეგ რაღაცას: 1. მოსახლეობის გამოძახების საფუძველზე გავდივართ და უფასოდ ვაკეთებთ განმეორებით აცრებს. ადამიანები აკონტროლებენ თავის ეზოში მყოფი ძაღლი როდის იყო აცრილი. ძალიან ბევრია ასეთი და ყველას მადლობას ვუხდი ასეთი გულისხმიერებისთვის. 2. საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე მივდივართ და მასობრივ ვაქცინაციასაც ვაკეთებთ, თუმცა ეს 100%-ით გარანტია იმის არ არის, რომ ყველა ცხოველი იქნება მოყოლილი ამ ბადეში და ყველას აცრა გაკეთდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან კონტროლი. ჩვენს ეზოში რომელი ცხოველიც არის ხანგრძლივი პერიოდით მასზე გავაკეთოთ კალენდრის მონიშვნა და გავაკონტროლოთ მისი აცრის ვადები, რომ არ გადაცდეს და დაუცველები არ გავხდეთ ცოფის ვირუსთან მიმართებაში. გუშინ თბილისის მერიასთან ცხოველთა უფლებადამცველებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „აიპრესთან“ საუბრისას განაცხადა, რომ რაც თბილისში ცოფის ვირუსი დადასტურდა, იმის მერე მონიტორინგის სამსახური გააქტიურდა და მიჰყავთ და უკან აღარ აბრუნებენ მათ შორის ისეთ ცხოველებს, რომლებსა არათუ ცოფი, არამედ განკურნებადი დაავადება აქვთ. მისი თქმით, მონიტორინგის სამსახური არ დებს ძალისხმევას ცხოველის გადარჩენაში და მარტივ გზას, ევთანაზიას ირჩევს. რამდენად შეესაბამება ეს ფაქტი სიმართლეს? ჩვენთან ევთანაზია არის უკიდურესი ნორმა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შანსის მიცემა შესაძლებელია ცხოველზე, ჩვენ ამ შანსს ვაძლევთ. თავშესაფარში შემოსული ცხოველის გადარჩენის მაჩვენებელი არის გაზრდილი. მაგრამ როცა საქმე ეხება ცოფის ინფიცირების საეჭვო სიმპტომს, ადამიანებისა და სხვა ჯანრთელი ცხოველების უსაფრთხოებას, ჩვენ ამ კომპრომისზე ვერასდროს ვერ წავალთ, მაგრამ ჩვენთვის არის უკიდურესი ნორმა, როცა მსგავსი რაღაც ხდება. მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში, ეს ყველაფერი რეგულირდება კანონით, კანონზე მაღლა არ დგას არავინ. შესაბამისად, ვალდებული ვართ ის რაც მთავრობამ 2015 წელს მიიღო 348-ე დადგენილებით, ამის აღსრულება 100%-ით იყოს გარანტირებული, იმისთვის რომ დაცვა მოხდეს მოსახლეობის ცოფისგან. ცოფი იმიტომ არის ქვეყანაში ასეთი შემცირებული (15-20 წლის წინ განსხვავებული სურათი იყო) რომ ჩვენ, სახელმწიფო ორგანიზაციები, სურსათის ეროვნული სააგენტო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, თბილისის ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი ასე აქტიურად და კოორდინირებულად მუშაობს იმ მიმართულებით რასაც ჰქვია ცოფის ელიმინაცია და პრევენცია. მაგრამ გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციას 2030 წლისთვის განსაზღვრული აქვს პოლიტიკა რომ არცერთი ადამიანი მსოფლიოში ცოფით არ დაიღუპოს, თუმცა დღეს-დღეისობით 10 ათასობით ადამიანი ეწირება ცოფს, ყოველ 9 წუთში ერთი. რომ არა ჩვენი ასეთი საქმიანობა ჩვენთანაც ძალიან რთულად იქნებოდა საქმე.   1996 წელს 21 ადამიანი დაიღუპა ცოფით საქართველოში. წელს ჯერ-ჯერობით მსგავსი ფაქტი არ გვქონია, გასულ წელს მხოლოდ ერთი იყო, 2018 წელს 2 ადამიანი, იქამდე 3 წელი საერთოდ არ დაფიქსირებულა ადამიანში. ეს არის ძალიან მკაცრი და კარგი პოლიტიკის შედეგი. 35-დან 49 ათასამდე ადამიანი იცრება ყოველ წელს ცოფზე. ჩვენ აგრეთვე ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ ადამიანებმა საკუთარი ოთხფეხა მეგობრები აუცილებლად აცრან. ნებისმიერი თბილსისხლიანი არის ცოფის გადამტანი პოტენციურად, ამიტომ ყოველწილიური აცრა არის სავალდებულო კანონით. ადამიანებში ცოფის სტატისტიკაზე ვისაუბრეთ, თუმცა ასევე საინტერესოა რამდენ ცხოველს დაუფიქსირდა გასული წლების მანძილზე ცოფი და წელს რაიმე საგანგაშო მაჩვენებელი ხომ არ გვაქვს? თბილისში შარშან, მგონი 6 შემთხვევა დავაფიქსირეთ, მაგრამ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ფიქსირდება 30-40-ის ფარგლებში ცხოველებში, მთელი წლის განმავლობაში. ადრე იყო 100-ზე მეტი. დავუბრუნდები კვლავ გუშინდელ აცია-პერფორმანსს... მონაწილეები ასევე ამბობდნენ, რომ მიჰყავთ ისეთი ცხოველებიც, რომლებიც არიან მიკედლებულები... ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს? ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. მიკედლებული ცხოველი თუ წარმოადგენს საფრთხეს კანონის შესაბამისად, რა თქმა უნდა, ექვემდებარება გადაყვანას და იზოლირებას სხვა ჯანმრთელი ცხოველებისგან და ადამიანებისგან, მაგრამ ცხოველები, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ პირიქით, ჩვენი მიზანია ასეთი ცხოველები ხანგრძლივად იყვნენ ქუჩაში. მაგრამ როცა საქმე ეხება ცოფს, ცოფი არ არის სურდო, არის მომაკვდინელებელი დაავადება, რომელიც სამწუხაროდ საქართველოშიც გვხვდება... არა, არ საუბრობდნენ ცოფზე, ისინი საუბრობდნენ სხვა განკურნებად დაავადებებზე და ამბობდნენ, რომ მონიტორინგის სამსახური არ დებს რესურსს ძაღლების გადარჩენაში, ურჩევნიათ „მარტივი გზა“. კონკრეტულად რომელ დაავადებაზე? არ ვიცი, არ ჩავძიებულვარ, სამწუხაროდ. ჩვენ დებულებით ვალდებულები ვართ, რომ ადამიანები და ჯანმრთელი ცხოველები დავიცვათ, აგრესიული და საფრთხის მატარებელი დაავადებული ცხოველებისგან. თუ საქმე ეხება ისეთ დაავადებას, რომელიც ემუქრება სხვა ცხოველის სიცოცხლეს, თუ საფრთხე ეხება ადამიანების ჯანმრთელობას, ასეთ დროს კომპრომისზე ვერ მივდივართ სამწუხაროდ. მაგალითად, საუბარია ჭირზე. ჭირი ჯერ ერთი ძალიან რთულად და ძვირად განკურნებადი დაავადებაა და მერე მეორე, განკურნების შემდეგაც 3 თვე ცხოველი უნდა იყოს იზოლირებული სხვა ცხოველისგან. ამის რესურსი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს არ აქვს. ჩვენ 3 ათასი ვოლიერიც რომ გვქონდეს დამატებით, ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფდით ყველა ჭირზე დაავადებული ცხოველის იზოლირებას. ასეთი ცხოველები რომ ქუჩაში დავაბრუნოთ, სხვა ცხოველებსაც დაემუქრებათ იგივე საფრთხე. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ცხოველები უყვარს, ჭირიან ცხოველებს მკურნალობენ ქუჩაში. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რაღაცას რომ ხელს ვკიდებთ, ამის კეთება ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს. ისე უნდა ვქნათ, რომ სხვა ცხოველებიც არ დავაზარალოთ. ასევე ანალოგიურია ლეიშმანიოზზეც. ლეიშმანიოზი არის სერიოზული დაავადება, რომელიც ადამიანზეც გადადის და თუ ჩვენ ლეიშმანიოზიან ცხოველებს გავუშვებთ ქუჩაში და ამ დაავადების პრევენციას არ გავაკეთებთ, მივიღებთ ძალიან ცუდ სურათს. ისედაც ძალიან გაზრდილია ლეიშმანიოზის შემთხვევები საქართველოში და შემთხვევების ნახევარზე მეტი მოდის თბილისში. როცა ადამიანმა იცის ლეიშმანიოზიანი ძაღლის არსებობის შესახებ და მალავს, ეს არის დანაშაული ადამიანებისა და ცხოველების წინაშე. ეპიცენტრი არის ვაკე-საბურთალო, ჩუღურეთი და გლდანი. სამწუხაროდ დაფიქსირდა შემთხვევა, ადამიანი რომელიც თავს ცხოველთამოყვარულს ეძახის, იცოდა რომ ლეიშმანიოზიანი ძაღლი იყო ქუჩაში. ახმეტელის მეტროსთან იყო ეს შემთხვევა, სადაც ერთ-ერთი ეპიცენტრია ამ დაავადების გავრცელების. არავინ იცის რამდენი ადამიანის ინფიცირება მოხდა ამის გამო და რამდენად მძიმე დასასრული გამოიწვია ამ ყველაფერმა. როდის გამოვლინდა ეს ფაქტი? ეს დაახლოებით ორი თვის წინ გამოვლინდა. ცხოველის სიყვარული მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთის გადარჩენის მცდელობას შევწიროთ ათობით და ასობით ჯანმრთელი ცხოველი ან ადამიანი. სიყვარული ნიშნავს, იმას რომ სამწუხაროდ ხანდახან გვიწევს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არავის არ სიამოვნებს, მაგრამ ამას ისევ სხვების დასაცავად ვაკეთებთ, რასაც კანონი გვავალდებულებს, კანონზე მაღლა არ დგას არაფერი. ჩვენ თუ აქამდე მხოლოდ 48% გადარჩენას ვახერხებდით, რეორგანიზაციის და სამედიცინო პერსონალის გადამზადების შედეგად ეს რიცხვი 70%-მდე გავზარდეთ. ყოველწლიურად მხოლოდ ტრამვირებული 1200 შემთხვევა შემოდის და მათი უმეტსობის გადარჩენა ხერხდება, თუმცა ზოგი ისეთი მძიმე დაზიანებით შემოდის, მისი გადარჩენა შეუძლებელია, ასეთ დროს ყველაზე ჰუმანური აქტია ევთანაზია, რომელიც გათვალისწინებულია ყველა საერთაშორისო ნორმაში და რეკომენდაციაში. სიმამაცე და ცხოველის სიყვარული სწორედ ის არის, რომ შეუმსუბუქო ტანჯვა, როცა ვერ ეხმარები.