2015 წელს მოკლული ბიზნესმენის, ბესარიონ ხარძიანის შვილი ბესო ხარძიანი სოციალურ ქსელი თბილისის მერ კახა კალაძეს და ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს მიმართავს,
"ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ვიცე მერს,
ბატონ ირაკლი ხმალაძეს
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
Kakha Kaladze კახა კალაძე
  2021 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის - კახაბერ კალაძის მიერ, მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა, კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტის თაობაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაში თქვით, რომ პირველ რიგში აპირებთ შეხვდეთ ტერიტორიის მესაკუთრეებს. გაცნობებთ, რომ კუს ტბის ტერიტორიის ნაწილი წლების განმავლობაში წარმოადგენდა 2015 წლის 28 მარტს მოკლული ბესარიონ ხარძიაინის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებას. 2011 წელს ბესარიონ ხარძიანი, უკანონოდ დააკავეს და გლდანის მე-8 საპყრობილეში იძულებით დაათმობინეს კუს ტბის წილები. აღნიშნულის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე #2-/14534-13) დადგენილია, რომ 2011 წლის 20 აპრილის შპს „კუს ტბა პალასის“ და შპს „კუს ტბა კალას“ საწესდებო კაპიტალის ბესარიონ ხარძიანის, ეკა ნონიკაშვილის, გიორგი ხარძიანის და ეკატერინე პატიეშვილის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა იძულების შედეგად და ადგილი ჰქონდა მოსარჩელეების ნების გამოვლენაში უკანონო ჩარევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად იქნა ცნობილი ბესარიონ ხარძიანის ციხეში წამების შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. კუს ტბის ამჟამინდელი „მესაკუთრე“, როგორც თქვენ უწოდებთ, ბესარიონ ხარძიანის წამებისა და იძულებით დადებული გარიგების საფუძველზე „ფლობს“ კუს ტბის 43%-იან წილს, რომლის თაობაზე ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა და სხდომა ჩანიშნულია 2021 წლის 19 მაისს. გარდა სამოქალაქო დავისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია იხილავს გიორგი უდესიანის (ამჟამინდელი ერთ-ერთი „მესაკუთრე“) სისხლის სამართლის საქმეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 144 პრიმა მუხლის (წამება) მეორე ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და 181-ე მუხლის (გამოძალვა) მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. ბესარიონ ხარძიანის მიმართ 2015 წელს განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობა, პირდაპირ კავშირშია კუს ტბის დავასთან. სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ კუს ტბის რეაბილიტაციის პროექტზე საუბრისას, ახსენებთ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ „მესაკუთრეს“. ბესარიონ ხარძიანის ყველაზე დიდი ოცნება, იყო კუს ტბის განვითარება, დღემდე არსებული ინფრასტრუქტურა, სწორედ მისი მფლობელობის დროსაა გაკეთებული. 2011 წლის შემდეგ, ამჟამინდელ „მესაკუთრეს“ არაფერი გაუკეთებია კუს ტბისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ინიციატივაა მისი რეაბილიტაცია და ჩვენი ერთადერთი სურვილი მისი განვითარება და კეთილმოწყობაა, თუმცა 10 წელია ვიბრძვით სამართლიანობის აღდგენისთვის და იძულებით დათმობილი ქონების დასაბრუნებლად. კუს ტბას სიცოცხლის ფასად შეეწირა ბესარიონ ხარძიანი, თქვენ კიდევ მოლაპარაკებას მართავთ მის უკანონო მესაკუთრესთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ თქვენთვის, ზემოთ ხსენებული ფაქტების თაობაზე უცნობი იყო, რაც ასევე ძალიან სამწუხაროა, გაცნობებთ, რომ კუს ტბის 43%-იან წილზე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, ამიტომ უკანონო მესაკუთრეებთან კუს ტბის განვითარებაზე მსჯელობა ვფიქრობთ, რომ ამორალურია. პატივისცემით, ბესარიონ ხარძიანი 4 მაისი, 2021 წელი