მიმდინარე წელს მაღალმთიანი აჭარის 8 სკოლას პირველ კლასელი არ ეყოლება. მაღალმთიანი სოფლების სკოლებში ინფრასტრუქტურა გაუმართავია და ბავშვები ნორმალურ პირობებში ზოგადი განათლების მიღებას ვერ ახერხებენ. ამასთან, მაგალითად ხადის ხეობაში, რომელსაც რამდენიმე სოფელი აერთიანებს, სკოლა საერთოდ არ არის, შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას, ვისაც ოჯახში ბავშვი ჰყავს, ხეობის დატოვება უწევს. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების“ შესახებ კანონის მიზანი კი, მაღალმთიან სოფლებში ხალხის დაბრუნებაა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, მხოლოდ სკოლის მხრივ მხარდაჭერა არ არის საკმარისი, რომ მაღალმთიან სოფლებში ცხოვრების სტანდარტი იყოს მაღალი. არის მაგალითად გზების პრობლემაც. 

თუმცა, მინისტრი პირობას დებს, რომ მაღალმთიან სოფელში, სადაც სკოლა არ არის, 1 მოსწავლე მაინც თუ იქნება, სკოლა აშენდება. 

„ბოლო 4 წელიწადში, 20-მდე 1 ბავშვიანი სკოლა გავხსენით, ანუ ადრე დახურული დაუბრუნდა სიცოცხლეს. მეორეს მხრივ, სამწუხაროდ შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ სკოლის მხრივ მხარდაჭერა არ ჰყოფნის იმას, რომ სოფელში ცხოვრების სტანდარტი იყოს საკმარისად მაღალი. გზების პრობლემაა და ძალიან ბევრი გზა კეთდება. 

ჩვენი კუთხით, დირექტორების შერჩევაში პირადად მე ვარ ჩართული. ახლა მქონდა შეხვედრა ერთ ადამიანთან, რომელიც ამბობს, რომ ერთი ბავშვი ვიშოვე და მინდა სკოლა აღდგეს. ჩვენ ყველანაირი საფუძველი და ბაზა გვაქვს, საკანონმდებლოც, რომ ხელი შევუწყოთ ასეთ აღდგენებს, ამიტომ მაგ სოფლებში, გნებავთ ხადის ხეობაში, თუ კი მოსწავლეები იქნებიან, სკოლა ყველა ვარიანტში იქნება, ამის პირობას ვდებთ. ჩვენი ამოცანა ზუსტად ეს არის, თუნდაც ეკონომიკურად ხელსაყრელი არ იყოს, ჩვენ, ყველა შესაძლო ინსტრუმენტით ეს ხალხი იქ უნდა დავაკავოთ. 

1 ბავშვი რომ იტყვის, ვაპირებ დავრჩე, სკოლა გაიხსნება. ყველგან ასე ხდება, სამწუხაროდ ამას ვამბობთ და მაინც არავინ არ არის, ანუ გამოდის, მთლად სკოლის გამო არ უნდა იყოს... კომპლექსურია. ოჯახს ცხოვრება ხომ უნდა, გზა რომ 6 თვით დაიკეტება, ძალიან რთულია... ჩვენ გვაქვს ისეთი სკოლები, სადაც 1 ბავშვი სწავლობს, ან 1 ოჯახის სამი შვილი და ა.შ. ერთ მოსწავლესაც თუ „იშოვნიან“ სკოლა ექნებათ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

ამასთან, მისი თქმით, მაღალმთიან სოფლებში მცირეკონტიგენტიანი სკოლები აშენდება, რომელსაც ასეთი სახე ექნება: