პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის ჩვენებამ ბევრი რამ გამოააშკარავა.

„დევიდ სმიტის ჩვენებამ ძალიან ბევრი რამ გამოააშკარავა. მან თქვა, რომ დასკვნაში მოცემული აქვს, თითქოს სააკაშვილი მოწამლულია, ხოლო როდესაც კონკრეტულ შეკითხვებამდე მივედით, აღმოჩნდა, რომ დასაშვები ზღვრის ფარგლებში იყო როგორც დარიშხანი, ასევე ვერცხლისწყალი და სხვა მძიმე მეტალები. ასევე, მან მიუთითა „ემერაის“ დასკვნაზე, თითქოს რაღაც გამოვლინდა ისეთი, რომ თავის ტვინში ცვლილებები გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ „ემერაის“ დასკვნაში ეს არ არის. შემდეგ თქვა, არ მინახავს „ემერაის“ დასკვნა, მაგრამ ნევროპათოლოგის დასკვნას დავეყრდენიო. ასევე, სააკაშვილის გონების დაკარგვა 5 და 11 მაისს – აღმოჩნდა, რომ ამის ფაქტი არ არსებობს, მაგრამ მას მიაწოდეს, რომ ეს ფაქტი არსებობს. ასე რომ, მან რა დასკვნებიც გააკეთა, აღმოჩნდა, რომ ეს გააკეთა ან ადვოკატის გადმოცემით, ან სხვა ექსპერტის დასკვნების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ დაკითხვით მისი დისკრედიტაცია მოხდა“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

კითხვაზე: „არის თუ არა ამერიკული ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის მიერ დარიშხანი აღმოჩენილი სააკაშვილის სისხლში“, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, დევიდ სმიტმა თავად აღიარა, რომ დარიშხანი აღმოჩენილი არ არის, ვერცხლისწყალი კი ნორმის ფარგლებშია.

„არ არის დარიშხანი აღმოჩენილი. თვითონვე აღიარა, რომ დარიშხანი აღმოჩენილი არ არის, ხოლო ვერცხლისწყალი ნორმის ფარგლებშია“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ წერს დევიდ სმიტი დასკვნაში, რომ სააკაშვილი მოწამლეს, ნიკოლაიშვილის განცხადებით, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებსაც სწორედ ეს კითხვები აქვთ. ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რის საფუძველზეც გააკეთა დასკვნა.

„ჩვენც ამაზე მივუთითებდით და ამას ვეკითხებოდით, მაგრამ ზოგადი პასუხი იყო ასეთი, მე რაც მომაწოდეს ადვოკატებმა, ექსპერტებმა, იქედან ამოვედიო. ამ ექსპერტის კეთილსინდისიერებაში არ შევალ, მაგრამ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მას მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია, არასწორი მონაცემები და აქედან გამომდინარე, გამოიტანა ის დასკვნა, რაც დადებულია“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, როგორც ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, ქართულ სამედიცინო შესაძლებლობებთან დაკავშირებით დევიდ სმიტმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ მას ქართული მედიცინის მდგომარეობა არ შეუსწავლია, არამედ ამერიკელი ადვოკატისგან მიიღო ინფორმაცია.

„ეს ვიცი ადვოკატებისგან, კონკრეტულად იმ ამერიკელი ადვოკატისგან, რომელიც მე დამიკავშირდაო, თორემ მე არ შემისწავლია ქართული მედიცინის მდგომარეობაო. ეს იყო მისი ახსნა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ამასთან, ნიკოლაიშვილი ფიქრობს, რომ დევიდ სმიტმა სანდოობის ტესტი ვერ გაიარა. „ვფიქრობ, ყველამ დაინახა, რომ მან სანდოობის ტესტი ვერ გაიარა“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

წყარო: საქართველოს პირველი არხი.