2022 წლის 30 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა კახა კალაძეს სარჩელი ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ და მოპასუხეებს სოლიდარულად 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. - ამის შესახებ ინფორმაციას 

 

წარმოდგენილ სარჩელში თბილისის მერი სადავოდ ხდიდა პირდაპირ ეთერში გაკეთებულ იმ განცხადებებს, რომელიც უკავშირდება თბილისის მერიის მიერ სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ძვირად შეძენილ ავტობუსებს და აღნიშნული გარემოების შესაძლო კავშირს თბილისის მერთან. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული განცხადებები იყო ცილისწამებლური. შესაბამისად, სასამართლოს გზით მოპასუხეებისგან ითხოვდა გავრცელებული ცნობების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას 100 000 ლარის ოდენობით.

 

მოპასუხეები უთითებდნენ, რომ ეთერში გაკეთებული კომენტარი გაკეთდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებაში და მედიაში მიმდინარეობდა აქტიური დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გარემოებებმა გამოიწვია თბილისის მერიის მიერ ავტობუსების იმაზე მაღალ ფასად შესყიდვა, ვიდრე ეს მოხდა სხვა ქვეყნებში. ამასთან, ჟურნალისტის მოსაზრება ეყრდნობოდა მათ შორის საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და ოფიციალურ წყაროებს, რომლითაც დგინდებოდა, რომ თბილისის მერიამ დაახლოებით 60 მილიონი ევროთი მეტი გადაიხადა ავტობუსებში, რამაც საზოგადოებაში გააჩინა ლეგიტიმური ეჭვები. ამდენად, მოპასუხეთა აზრით, სადავო განცხადებები იყო დასკვნები და სამართლიანი კომენტარი, რაც ეყრდნობოდა საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს და რის გამოც დაუშვებელია მათ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიციები და დაადგინა ცილისწამების ფაქტი.

 

ამასთან, საყურადღებოა, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობისას დამატებით რამდენიმე ძირითადი პრობლემა გამოიკვეთა:

 

მოსამართლემ თბილისის მერის სარჩელის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა და განსხვავებით სასამართლოში არსებული ზოგადი, ხანგრძლივი განხილვის პრაქტიკისა, საქმე არაორდინალურად სწრაფად,  შემჭიდროებულ ვადებში, სარჩელის შეტანიდან 5 თვეში განიხილა. საყურადღებოა, რომ მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ხელისუფლებასთან დაკავშირებული სხვა პირების სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევებშიც; 
მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამების საფუძვლით სარჩელის შეტანის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, მხარის მიერ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განცხადებების ცილისწამებლურ ხასიათს. მოსარჩელემ მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დაძლია და არ წარმოუდგენია ნასამართლეობის შესახებ ცნობაც ან ცნობა იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა სადავო საკითხის ირგვლივ (მათი წარმოდგენა, თავის მხრივ არ იქნებოდა საკმარისი იმის სამტკიცებლად, რომ გაჟღერებული ინფორმაცია იყო მცდარი, თუმცა, მოსარჩელემ ეს მინიმალური სტანდარტიც კი არ გაითვალისწინა)
მოსამართლემ საკმარისი დრო არ დაუთმო მტკიცებულებათა გამოკვლევას. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარეს საქმეში წარმოდგენილი ჰქონდა არაერთი მტკიცებულება, რომელთა გამოკვლევას მხარე სასამართლოში ითხოვდა, სასამართლო მათი გამოკვლევის გარეშე, დაჩქარებულად გადავიდა შემდეგ ეტაპზე; 
სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი გადაწყვეტილების მიღებით გამოწვეული საფრთხეები. მათ შორის ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ სარჩელი შეტანილია თბილისის მერის მიერ, რომელსაც მედიაში გავრცელებული კრიტიკული მოსაზრებების მიმართ მეტი თმენის ვალდებულება გააჩნია. ამასთან, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადებებზე, რომელმაც ფაქტობრივად აღიარა, რომ სარჩელის რეალური მიზანი არათუ მოსარჩელის პატივისა და ღირსების დაცვა, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების და ხელისუფლების რეპუტაციის დაცვა იყო. ხოლო მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია ცილისწამების დავა ეხებოდეს სახელმწიფოს ან ადმინისტრაციული ორგანოს არაქონებრივი უფლებების დაცვას.
საგანგაშოა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობაც, რომელიც არაპროპორციულად უნდა შეფასდეს იმ ზიანთან მიმართებაში, რომელიც შესაძლოა თბილისის მერს განეცადა. მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისათვის, მაშინ როდესაც მეორე მხარეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი დგას და გავრცელებული ინფორმაცია ეხება მის მიერ საჯარო ფუნქციების შესრულებას, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, იგი მეტად უწყობს ხელს "მსუსხავი ეფექტის" და შესაბამისად შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას და თან ასეთი არაპროპორციული ოდენობით.

 

საყურადღებოა, რომ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა  სასამართლო დავის დაწყების საფუძველი. მაგალითად, ცილისწამების საფუძვლით კრიტიკული მედიის ("მთავარი არხის")  წინააღმდეგ თერთმეტმა მერმა (წყალტუბოს, ქუთაისის, ქარელის, ასპინძის, ადიგენის, ჭიათურის, ფოთის, ყვარლის, ნინოწმინდის, ბორჯომისა და მარნეულის) ერთიმეორის მიყოლებით შეიტანა სარჩელი და თითოეულმა მათგანმა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის, ერთი და იგივე თანხა - 55 555 ათასი ლარი მოითხოვა.

მსგავსი ტენდენცია უნდა შეფასდეს როგორც სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით კი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები, რაც არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის.

ტელეკომპანია „პირველისა“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის ინტერესებს სასამართლოში GDI იცავს. საქმეს GDI, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს." - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებაში