დგომა-გაჩერების წესების დარღვევა შესაძლოა, მართვის მოწმობის ქულათა შემცირების სისტემიდან ამოიღონ და ის მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლოს. ეს ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ბიზნეს ომბუდსმენს მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ძნელაშვილმა წამოაყენა. კომიტეტის სხდომაზე მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემაზე მსჯელობდნენ.
ზურაბ ძნელაშვილის თქმით, თუ ქულათა სისტემაში დგომა-გაჩერების წესების დარღვევა იქნება გათვალისწინებული, შესაძლოა, სადისტრიბუციო ბიზნესი დაზარალდეს.
„ქულათა შემცირების სისტემა ასევე ეხება დგომა-გაჩერების წესების დარღვევას. თბილისში გარკვეულ წილად პარკირების სისტემა მოწესრიგებულია, თუმცა პარკირების ადგილები საჭიროზე ნაკლებია. ყველას გვქონია სიტუაცია, რომ ერთიდაიგივე ადგილას ორჯერ, სამჯერ უტრიალებ და ვერ აჩერებ მანქანას. ეს სიტუაცია სერიოზულ პრობლემას უქმნის სადისტრიბუციო ბიზნესს. სადისტრიბუციო მანქანები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ სწორ ადგილას მანქანის გაჩერებას, მაღაზიების მომარაგების მიზნით და ზოგიერთ შემთხვევაში ჯარიმდებიან დგომა-გაჩერების წესების დარღვევისათვის. თუ ჩვენ ქულათა შემცირების სისტემა ამას შეეხება, გამოვა ისე, რომ სადისტრიბუციო ბიზნესი შეიძლება მძღოლების გარეშე დარჩეს, ან ძალიან გაურთულდეთ მუშაობა“, - აღნიშნა ძნელაშვილმა.
ამ მოსაზრებას კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაეთანხმნენ. „არის ამაში ლოგიკა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.