თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის" ექთანს თეა ბეგიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ექთანი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების  საქმეშია ბრალდებული. 

თეა ბეგიაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

"ჩემს საქციელში არანაირ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი. ხელმოწერა, რომელიც ფიქსირდება პაციენტის დანიშნულების ფურცელში, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, იმის დასტურია, რომ დანიშნულებაში მოცემული მედიკამენტები ჩემ მიერ იყო დატოვებული პაციენტთან. დღესაც იმავე მდგომარეობაში ვართ ყველა პაციენტთან. თეა ბეგიაშვილი ტოვებს მედიკამენტს – ამით დავადასტურე, რომ ზუსტად ეს მედიკამენტები გაუკეთდა იმ პაციენტს და ის თეა ბეგიაშვილმა დატოვა“, – განაცხადა ბრალდებულმა ექთანმა სასამართლო სხდომაზე.

პროკურატურის ბრალდებით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის 11 აგვისტოს, პაციენტი, ახალი კორონავირუსის მკურნალობის მიზნით, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ მოთავსდა და მისი სამედიცინო ისტორია გაიხსნა.

პაციენტის მკურნალობის პროცესში, კლინიკის მორიგე ექიმებისა და ექთნების მიერ ყოველდღიურად იწერებოდა სამედიცინო ისტორიის შემადგენელი დოკუმენტი – „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“, რომლებშიც უთითებდნენ ინფორმაციას პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების შესახებ (პაციენტის ვიტალური მონაცემების, მიწოდებული მედიკამენტებისა და მათი დოზების მითითებით). აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოწერით ადასტურებდნენ ექიმი და მორიგე ექთანი, რომლებმაც უშუალოდ ჩაატარეს სამედიცინო მანიპულაციები.

2021 წლის სექტემბერში, სამედიცინო ისტორიის დახურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2021 წლის 17 აგვისტოდან – 2021 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით დათარიღებული „პაციენტის დანიშნულების ფურცლები“ არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი მორიგე ექთნების მიერ. ამავე პერიოდში, ბრალდებულმა ხსენებულ დოკუმენტზე, მორიგე ექთნების ნაცვლად თავად მოაწერა ხელი, რითიც დოკუმენტში შეიტანა არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაციენტისთვის ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციები მის მიერ იყო შესრულებული. რეალურად მას აღნიშნული სამედიცინო მანიპულაციები არ ჩაუტარებია და არც მათ ჩატარებაში მიუღია მონაწილეობა. გაყალბების შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტები ბრალდებულმა სამედიცინო ისტორიაში მოათავსა.

უფროს ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება)“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.