ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სასწავლო ცენტრი ავრცელებს.
"2020 წლის 30 იანვარს საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი დაამტკიცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსამართლეობის კანდიდატთა წერითი ტესტირების ადმინისტრირებას საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი განახორციელებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრი 3 თებერვალს საჯაროდ (თავის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე, ასევე, Hr.gov.ge და jobs.ge -ზე) გამოაქვეყნებს ინფორმაციას აღნიშნულ პოზიციაზე საკონკურსო პირობების შესახებ და უზრუნველყოფს მის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას. ამ მიზნით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი ვაკანსიის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პროკურატურას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს მედიატორთა ასოციაციას, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და შესაბამის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. იუსტიციის სასწავლო ცენტრი აწარმოებს საკონკურსო განაცხადების პირველად გადარჩევას და პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას, რომელიც კანდიდატებმა ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე უნდა წერონ. ტესტირების დავალებას შეადგენს და კანდიდატის ნაწერს 10-ბალიანი სისტემით შეაფასებს სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული კონსულტანტი ან კონსულტანტები, რომლებსაც ექნებათ ჰააგის სასამართლოს სისტემაში ან სისხლის სამართლის ტრიბუნალში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. მთავრობის დადგენილების თანახმად, იუსტიციის სასწავლო ცენტრი წერითი ტესტირების შედეგების მიხედვით გამოკვეთილ არანაკლებ ორ და არაუმეტეს ხუთ საუკეთესო კანდიდატს საქართველოს მთავრობას წარუდგენს (ამისათვის ტესტირებაში კანდიდატმა მინიმუმ 6 ქულა მაინც უნდა მიიღოს). მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს მთავრობას წარედგინება, რის შემდეგაც მთავრობა 2 საუკეთესო კანდიდატს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. პარლამენტი კანდიდატებს მოუსმენს და კენჭს უყრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევისთვის დადგენილი მოსმენისა და კენჭისყრის პროცედურით − სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. 6 ახალი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში 2020 წლის დეკემბერში მე-19 ასამბლეაზე უნდა შეირჩეს. მათ შორის, ერთი მოსამართლე აირჩევა აღმოსავლეთ ევროპიდან (ამ რეგიონიდან არჩეულ ჩეხ მოსამართლეს ვადა ეწურება). საქართველო სწორედ აღნიშნულ პოზიციაზე წარადგენს კანდიდატს. ჰააგის მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენის ვადაა 2020 წლის 6 იანვრიდან 2020 წლის 30 მარტამდე პერიოდი. დამატებითი ინფორმაციის მიღების მსურველები დაუკავშირდით იუსტიციის სასწავლო ცენტრს მეილზე: administracia@tcj.gov.ge ან ტელეფონის ნომერზე: (032)2942203 საკონტაქტო პირი - თინათინ ცინარიძე." ნათქვამია გავრცელებულ ინფრომაციაში.