დმანისისა და სამტრედიის თეატრების ერთობლივი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრში დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და სამტრედიის თეატრის ერთობლივი სპექტაკლის, „თორმეტი განრისხებული მამაკაცის", პრემიერა გაიმართა. წარმოდგენას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სპექტაკლის სცენური ვერსიის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია დმანისის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე.  პიესა მოგვითხრობს ნაფიც მსაჯულებზე, რომელთაც სასამართლოში მეტად რთული მისია აკისრიათ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალგაზრდის ბედი წყდება, მაგრამ ნაფიცი მსაჯულებიც ხომ ადამიანები არიან, განსხვავებული აზრებით, შეხედულებებით. ზოგი გულისხმიერია, ზოგი - დაუნდობელი. სიმართლის ძიება იოლი როდია და მათი ცხარე კამათიც მხოლოდ ჭეშმარიტების დადგენას ემსახურება. პატარა ბიჭს მკვლელობა ჰბრალდება, არიან მოწმეებიც, მაგრამ მათ ჩვენებას დამაჯერებლობა აკლია. რით დამთავრდება ეს ორომტრიალი?

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: კონსტანტინე ფოცხვერაშვილი, დათო ჩოგოვაძე, გიორგი გიორგიძე, გიგა აბულაძე, ვახტანგ ამანათიძე, გია საგინაშვილი, გიორგი სტურუა, რადი შენგელია, თამაზ გოგიშვილი, იმედა აბზიანიძე, ხვიჩა დარახველიძე  და ბესიკ ღირდალაძე. გიორგი სიხარულიძესთან ერთად, სპექტაკლის რეჟისორია ვეფხია ნადირაძე, მხატვარი - თეო კუხიანიძე. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმეს მანანა კიკაბიძემ და ანა მურღულიამ.
 

სპექტაკლი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით დაიდგა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიესალმება სახელმწიფო და მუნიციპალურ თეატრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას და წარმატებებს უსურვებს სამტრედიის თეატრის შემოქმედებით გუნდს.

ინფორმაციას სამტრედიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.