გზების გაწმენდისთანავე დაიწყება ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები იმ აბონენტებისთვის, რომლებსაც ამ ეტაპზე სტიქიის გამო შესაბამისი კომუნალური სერვისები ვერ მიეწოდებათ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.

როგორც იგი აღნიშნავს, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად გადაჭრის მიზნით მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე.

„ქალაქ ქუთაისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან ერთად, შეხვედრა გავმართე საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებთან; გავეცანი იმერეთის რეგიონში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს.

შტაბის წევრებისგან დეტალური ინფორმაცია მივიღე გზების გაწმენდითი სამუშაოებისა და არსებული საჭიროებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონში გზის გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს; დარჩენილია რამდენიმე სოფელი, სადაც შესვლა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. შტაბის სხდომაზე დამატებითი სპეცტექნიკის მობილიზების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გზების გაწმენდისთანავე დაიწყება ელექტროენერგიისა და გაზმომარაგების აღდგენის სამუშაოები იმ აბონენტებისთვის, რომლებსაც ამ ეტაპზე სტიქიის გამო შესაბამისი კომუნალური სერვისები ვერ მიეწოდებათ.

დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად გადაჭრის მიზნით მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე", - წერს მიხეილ ყაველაშვილი.